ახალი ამბები

ბიზნესმენი ყოფილ პროკურორს, ამჟამად კი დეპუტატს პროკურატურაში უჩივის [Video]

29 ოქტომბერი, 2012 • 1103
ბიზნესმენი ყოფილ პროკურორს, ამჟამად კი დეპუტატს პროკურატურაში უჩივის [Video]

ამის შესახებ  გიგუაშვილმა და მისმა ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ დღეს პროკურატურის წინ მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს. 

 

ბიზნესმენი გია გიგუაშვილი ამბობს, რომ კუთვნილი ქონება –  გორის საცურაო აუზი, რომელიც მან 2007 წელს აუქციონის წესით შეიძინა  და შპს აკვაპარკი ჩამოაყალიბა, 2008 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. 

 

გიგუაშვილის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ გიგუაშვილს ობიექტი გორის რაიონის ყოფილმა პროკურორმა გიორგი ჭანტურიძემ უშუალოდ შიდა ქართლის ყოფილი საოლქო პროკურორის, ახლა უკვე პარლამენტის დეპუტატ დავით საყვარელიძისა და შიდა ქართლის იმდროინდელი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მითითებით დაათმობინა. ქარჩავას თქმით, გიგუაშვილზე მუქარა და ზეწოლა ხორციელდებოდა. 

 

– “გიორგი ჭანტურიძემ უთხრა მას, ჩვენ ვიცით, რომ შენ გყავს ორსული მეუღლე, ექვსი წელი ელოდებოდით შვილს და არ გეშინია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას? ამიტომ შენ უნდა გადასცე ობიექტი გამგეობას. მას პროკურორმა ისიც კი უთხრა, რომ საცვლის ამარა დაგტოვებთ და ციხეში ჩაგაგდებთო”.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს, ირაკლი ოქრუაშვილთან მისი მეგობრობა იყო.  

 

თავად გია გიგუაშვილს იმედი აქვს,  რომ ქონებას დაიბრუნებს და მის საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი, მიუხედავად მათი თანამდებობებისა, დაისჯება. 

 

გიგუაშვილის ადვოკატმა  ამ თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი ქმედების გამოძების  მოთხოვნით დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი