ახალი ამბები

რა საკითხები განიხილება მთავრობის სხდომაზე

29 ოქტომბერი, 2012 • 1028
რა საკითხები განიხილება მთავრობის სხდომაზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს ყველა მინისტრი საკუთარ უწყებაში არსებულ პრიორიტეტებზე ისაუბერბს:

 

“დღეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა, როდესაც თითოეული მინისტრი მისი უწყების მნიშვნელოვან საკითხს გააცნობს პრემიერ მინისტრს და სწორედ ამის მიხედვით შედგება მომავალი სამუშაო გეგმა. გარდა ამისა, საუბარი იქნება ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ წამოვაყენეთ პარლამენტის სხდომაზე საკითხი, რომ საბიუჯეტო დაფინანსებები გადაიხედოს და პრიორიტეტები, რაც არსებობდა წინასაარჩევნო პერიოდში, იყოს დაფინანსებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პრიორიტეტები ძირითადად სოფლის მეურნეობას და ჯანდაცვას უკავშირდება.

 

 

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სამუშაო შეხვედერაზე ორი მთავარი საკითხი იქნება განხილული, კონკურენციის სააგენტოს თემა და საპარტნიორო ფონდის საკითხი.

 

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს, მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანა მიმდინარე სამუშაო წლის წარმატებულად დასრულება იქნება.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით სამუშაო შეხვედრაზე თავის კოლეგებთან ერთად ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს:

 

“ჩემი ინფორმაციით, დევნილები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ამ დროისთვის 16 ობიექტშია შესული, ამ ობიექტებს შორისაა საავადმყოფოებიც, თუმცა დევნილთა შესვლას არც ერთი საავადმყოფოს ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეუშლია, სწორედ ეს იქნება მთავარი განსახილველი საკითხი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უკვე დაიწყება 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობა და მინისტრები ერთად გადაწყვეტენ სხვადასხვა უწყების დაფინანსების საკითხს. 

 

როგორც მინისტრები აცხადებენ, სხდომაზე ასევე აქტიურად განიხილება მათი მოადგილეების დანიშვნის საკითხი და  სხვადასხვა კანდიდატურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი