ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: აზოტის ქარხნიდან მუშების დათხოვნით კანონმდებლობის ნორმები დაირღვა

2 თებერვალი, 2017 • 3751
ანა ნაცვლიშვილი: აზოტის ქარხნიდან მუშების დათხოვნით კანონმდებლობის ნორმები დაირღვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, რუსთავში აზოტის ქარხნის მუშების ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით კანონმდებლობის ნორმები დაირღვა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, საწარმოს 350-მდე თანამშრომლის გათვისუფლება დაუსაბუთებელია და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდა, რითაც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის ნორმები.

“ნათელია, რომ დაუსაბუთებელია ეს გათავისუფლებები. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გათავისუფლდნენ ეს ადამიანები და, რა თქმა უნდა, დარღვეულია კანონმდებლობის ნორმები”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარის თქმით, რომელიც რუსთავში იმყოფება, ამ დროისთვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა, თუმცა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

“რაც შეეხება დღევანდელ დარბევას, ახალგაზრდების ჯგუფები და თვითონ მუშები ცდილობდნენ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას იმიტომ, რომ მათ არავინ ესაუბრება. როგორც  მე მითხრეს, ქარხნის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებსაც ესენი ხვდებიან, ეუბნებიან, რომ არ არიან პასუხისმგებელნი და პასუხს ვერ სცემენ. ეს ადამიანები მხოლოდ ითხოვდნენ იმას, რომ პასუხისმგებელი ადამიანი, რომელსაც შეეძლო კითხვებზე  პასუხის გაცემა, გამოსულიყო და მათ დალაპარაკებოდა. ამის საპასუხოდ, მობილიზებულ იქნა, როგორც ვიცი, პოლიცია და ეს ადამიანები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შენობიდან. ამავე დროს, არაერთმა მათგანმა მითხრა, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა მათი ცემა”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი დათხოვნილ მუშებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საწარმოში დასაქმებულებს უვადო ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული. ხელშეკრულების იმ ფორმით გაუქმებას კი, როგორც ეს მათმა დამსაქმებელმა გააკეთა, ღირსების შემლახავ ქმედებად მიიჩნევს:

“ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფორმები, რა ფორმებითაც ამ ადამიანებს მოეპყრო დამსაქმებელი და პოლიცია და როგორ ეპყრობა სახელმწიფო. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ათწლეულების განმავლობაში აქ მუშაობდნენ პროფესიულად, პირნათლად. ეს არ არის ჩვეულებრივი სამუშაო. მთელი რიგი საწარმოო პროცესები აქ დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო პირობებში მუშობასთან. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ათწლეულები აქ მუშაობდნენ კეთილსინდისიერად და იმის ღირსადაც კი არ ჩათვალეს რომ სიტყვიერად ეთქვათ, გათავისუფლებთო. დილით ცვლაში რომ მოვიდნენ, მათი ბარათები, რომლითაც საწარმოს ტერიტორიაზე შედიოდნენ, უკვე დაბლოკილი იყო,” – ამბობს საიას თავმჯდომარე.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს და არ შეაფასოს პროცესი, როგორც მხოლოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დავა.

“აქ მინისტრიც უნდა ჩაერიოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაც მნიშვნელოვანია და, საბოლოო ჯამში, როდესაც მის მოქალაქეებს დამსაქმებელი ეპყრობა ასე უკანონოდ და ღირსების შემლახავად, რას აკეთებს ამაზე სახელმწიფო? ის გვერდზე არის გამდგარი და დამკვირვებლის თვალით უყურებს ამ პროცესებს, თუ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები?!” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.


 

დღეს, 2 თებერვალს რუსთავში გამართული  აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა სცემესაქციის მონაწილეები რუსთავის აზოტის ქარხნიდან 350-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმებას. მათი თქმით, კონტრაქტებზე ერთ და ორ დღეში მოაწერინეს ხელი მაშინ, როცა 5-ფურცლიან შრომის ხელშეკრულებას სჭირდება რამდენიმედღიანი შესწავლა იურისტთან ერთად.
  • კვლავ აღადგინონ ეს ადამიანების სამუშაო ადგილებზე.
  • ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

სს „იუ ინვესთმენთი“ , რომელმა შპს „რუსთავის აზოტის“ აქციებს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიამ ქარხნის მათ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულებები  მათი სოციალური და სახელფასო უზრუნველყოფის მიზნით გააფორმა. ქარხნის წინა მფლობელმა კი ფინანსური პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლო, რის გამოც საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა. “იუ ინვესთმენთი” აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქარხანა არ ფუნქციონირებს და უწევს ურთულეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს.

“ამასთანავე, კომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ პრიორიტეტულად დაასაქმოს ქარხნის დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებიც კომპანიის ინფორმაციით დღემდე ირიცხებიან ქარხნის ყოფილი მესაკუთრის თანამშრომლებად” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივი წარმომადგენელ გელა ბიჭიაშვილის თქმით, საწარმოში სულ 2300 ადამიანი მუშაობდა – 350 კი ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი