13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ხუთი ოჯახი ადვოკატების წინააღმდეგ

ადვოკატები, რომელთაც ბრალად თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლება ედებათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

საქმეზე ოთხი ადამიანია ბრალდებული: ორი ადვოკატი და ორი  მოქალაქე. ისინი პროკურატურამ 2016 წლის 26 დეკემბერს დააკავა. ხუთი დაზარალებული ოჯახი მათი საქმის გამოძიებას 2015 წლიდან ითხოვს.

2 თებერვალს, დაკავებულთა სასამართლო პროცესზე ადვოკატების მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მივიდა და პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ადვოკატთა კორპუსის დევნად შეაფასა.

ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ ადვოკატებმა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს არის პოლიტიკური ბრალი. თავად ბრალდებულებმაც სასამართლო პროცესზე საკუთარ თავს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს.

“ეს არის ბრალი ადვოკატთა მთელ კორპუსზე და არა კონკრეტულ პირებზე იმიტომ, რომ ნოტარიუსთან საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენა არ არის დანაშაული. მეორე მხარეს არის ხალხი, რომლებიც შეიძლება იყვნენ მართლა დაზარალებული, მაგრამ ვისგან დაზარალდნენ, ეს უნდა გავარკვიოთ. ყველა ადამიანი, ვინც არის დარბაზში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბრალი არის წარდგენილი კანონიერი გზით. დავუშვათ, ადამიანმა ჩაიდინა ქურდობა, ის მკვლელობაზე არ უნდა დააკავო,”- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ზაზა ხატიაშვილი, დაკავებული ადვოკატების მხარდამჭერი ადვოკატები და დაზარალებულები სასამართლოში ელოდებიან პროცესის განახლებას. 02.02.2017

ზაზა ხატიაშვილი, დაკავებული ადვოკატების მხარდამჭერი ადვოკატები და დაზარალებულები სასამართლოში ელოდებიან პროცესის განახლებას. 02.02.2017

პროკურატურის ვერსიის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთის ქ. N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის თაღლითურად მითვისებასაც ოთხ ბრალდებულს ედავებიან, საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის თანახმად, აღრიცხული იყო 1960 წელს გარდაცვლილ იოსებ წინამძღვრიშვილის სახელზე. თუმცა პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს ნაკვეთი არ წარმოადგენდა წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და ათეული წლების განმავლობაში სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ მიწის ეს ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობებით, იმყოფებოდა წინამძღვრიშვილისა და მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში. პროკურატურის ცნობითვე, მათ ეს ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის სახელზე [ამჟამად ბრალდებული] აღრიცხეს, რომელმაც ადვოკატების დახმარებით სხვა ფიქტიურად გაასხვისა, რათა შემდეგ პრეტენზია წაეყენებინა იქ მცხოვრებთათვის და მათი გამოსახლება მოეთხოვა. პროკურატურა ამბობს, რომ ამ ქმედებით სახელმწიფოსა და კერძო პირებს 657 000 ლარის ზიანი მიადგა.

“ვინაიდან დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებული ქონება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ასევე შეეცადნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევით შეგროვილ საკომპენსაციო თანხასაც დაუფლებოდნენ,”- აცხადებს პროკურატურა.

საჯარო რეესტრში მართლაც არის ასახული, რომ ბრალდებულმა, რომელიც წინამძღვრიშვილის მემკვიდრედ თვლის თავს, 2012 წელს თბილისში, წყნეთის ქუჩა N1-ში 3820 კვ.მ. ფართობი და მასზე განთავსებული ნაგებობები დაირეგისტრირა. რეესტრის მონაცემებით დგინდება, 2014 წელს ამ ფართობის დიდი ნაწილი მეორე ბრალდებულზე გადაფორმდა, მემკვიდრეს კი მხოლოდ 120 კვ.მ. დარჩა. 2015 წლის დეკემბერში რეესტრში ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ამავე მისამართზე მდებარე 1 107 კვ.მ. ფართობი (სხვა საკადასრტო კოდით), მასზე მოთავსებული შენობებით, გაფორმებულია ორ ბრალდებულსა და კიდევ სამ სხვა პირზე. რეესტრის მონაცემებით ასევე ირკვევა, რომ ამ ორი ბრალდებულის წარმომადგენლები რეესტრში ბრალდებული ადვოკატები იყვნენ.

განსხვავებული ვერსია აქვთ თავად ბრალდებულებს. მათმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ეს ფართობი კანონიერად მიიღო მემკვიდრეობით ბრალდებულმა და პროკურატურის ბრალი უსაფუძვლოა.

ბრალდებულების ადვოკატები მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ბრალდებულები, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ვერ მოახდენდნენ გავლენას მოწმეებზე და ამით სასამართლო პროცესს ზიანი არ მიადგებოდა. დაცვის მხარე შუამდგომლობას იმითიც ასაბუთებდა, რომ ბრალდებულ ადვოკატებს წარმოებაში ათობით საქმე აქვთ და პასუხისმგებლები იყვნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების წინაშე.

პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც ექიმის გამოძახება გახდა საჭირო, სასამართლო პროცესი კი დაახლოებით 30 წუთის მანძილზე შეჩერდა.

საბოლოოდ მოსამართლემ ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

რას ამბობენ ვერეს ხეობაში მცხოვრებლები?

ადვოკატების სასამართლო პროცესზე მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ოთხი ბრალდებულის გამო საცხოვრებელი დაკარგეს. მათვე თქმით, ვერეს ხეობაში ათეულობით წლებია ცხოვრობენ და 2015 წლის 13 ივნისში მომხდარ სტიქიამდე არც იცოდნენ, რომ საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდათ.

ციური ბექაური ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩა N1-ში 1960 წლიდან ცხოვრობდა. მას შემდეგ კი, რაც სტიქიამ მისი სახლი დაანგრია, ცხოვრობს ქირით, რომელსაც მერია იხდის:

“მთელი ცხოვრება მანდ მაქვს გატარებული. სახლი მამამ ააშენა. ჩვენ გვქონდა სახლის წიგნი, რომელიც გვქონდა საკუთრებაში, მიწის გადასახადი და შენობის რენტა. მიუხედავად იმისა, რომ წყალმა წაიღო ნახევარზე მეტი, ეს დოკუმენტები გადარჩა. 67 წლის ქალი იქ დავბერდი. 2015 წის 13 იანვარს მოვარდა უშველებელი წყალი, ჩემი ქონება წაიღო, ორსართულიანი უშველებელი სახლი. 2012 წელს [ერთ-ერთმა ბრალდებულმა] ირბინეს და ის მიწა, რომელზეც ჩვენი, ხუთი ოჯახის სახლები იდგა, დაირეგისტრირეს. სტიქიის შემდეგ შევიტანეთ საჩივარი მთავარ პროკურატურაში…”- ამბობს ციური ბექაური

კიდევ ერთი დაზარალებული, რომან ოქროპირიძე გვიყვება, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მისი სახლი 2012 წლიდან სხვის სახელზე იყო გადაფორმებული. მისივე თქმით, წყნეთის ქუჩა N1-ში  1962 წლიდან ცხოვრობდა, სახლი კი დედამისმა ააშენა:

“2012-ში გადაიფორმა. ჩვენ სტიქიის შემდეგ გავიგეთ, ჩუმად გააკეთეს… არავინ მოსულა ჩვენთან, რომ ეთქვა, ჩვენ ამას ვიფორმებთ და თქვენ არ გეკუთვნით, ეთქვათ და მაშინ პასუხს გავცემდით. ჩვენ გავიგეთ სტიქიის შემდეგ. 13-ში ხომ მოხდა სტიქია, 14-ში მივედი გამგეობაში, დავწერე განცხადება და ხმა არ ისმის. გავერკვიეთ და ვხედავთ, რომ [ბრალდებულის] სახელზეა ყველაფერი გადაფორმებული. დღეს საგარეჯოში, ქვისლის სახლში ვცხოვრობ,”- ამბობს რომან ოქროპირიძე.

დაზარალებულები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ საკუთარი ქონების დაბრუნება სურთ.

დაზარალებულები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ფოიეში. 02.02.2017

დაზარალებულები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ფოიეში. 02.02.2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი