ახალი ამბები

რუსთავში მუშების აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა სცემეს

2 თებერვალი, 2017 • 19197
რუსთავში მუშების აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა სცემეს

რუსთავში “აზოტის ქარხნიდან” გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქციის მონაწილე გელა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ აქციის მონაწილეებს სცემა, ხოლო თავად ქარხნის დაცვასთან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება.

როგორც პროფკავშირების ადგილობრივი წარმომადგენელი გელა ბიჭიაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეებს მოთხოვნებზე ადმინისტრაციისგან პასუხის მიღება უნდოდათ, რისთვისაც დირექტორის კაბინეტში შევიდნენ, რა დროსაც დაცვასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

“იმ დროს, როდესაც შევდიოდით, დაცვა არ უშვებდა ხალხს, მაგ დროს, ჭყლეტის დროს მოხდა ინციდენტი“, – ამბობს ბიჭიაშვილი.

მისი თქმით, იგი და აქციის კიდევ ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, თუმცა აქციაზე მაინც მივიდა. ბიჭიაშვილის თქმით, ქარხნის დირექტორის კაბინეტში აღმასრულებელი დირექტორი დახვდათ, რომელმაც უთხრა, რომ დამსაქმებლის, ეუ ინვესთმენტის წარმომადგენლის გარეშე ვერაფერს გადაწყვეტდა.

ბიჭიაშვილის მონათხრობის მიხედვით, ქარხნის დაცვამ პოლიციას გამოუძახა, რომელმაც ძალის გამოყენებით გამოიყვანა, “ათრიეს” და რამდენიმე ადამიანს სცემეს.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს საწარმოს ტერიტორია დაატოვებინა, აქციას მაინც მართავენ და ელოდებიან, როდის მივა ეუ ინვესთმენტის წარმომადგენელი. კონკრეტულად, რამდენი ადამიანი დაზარალდა პოლიციასთან შეტაკების დროს, ბიჭიაშვილმა არ იცის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიცია ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგს იცავდა. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.

აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან 02.02.17 ფოტო მოგვაწოდა აქციის მონაწილე, ნათია ქარჩილაძემ.

აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან 02.02.17 ფოტო მოგვაწოდა აქციის მონაწილე, ნათია ქარჩილაძემ.

რუსთავის “აზოტის ქარხნის” მუშები 350-მდე დასაქმებულის გათავისუფლებას 7 დღეა აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმებას. მათი თქმით, კონტრაქტებზე ერთ და ორ დღეში მოაწერინეს ხელი მაშინ, როცა 5-ფურცლიან შრომის ხელშეკრულებას სჭირდება რამდენიმედღიანი შესწავლა იურისტთან ერთად.
  • კვლავ აღადგინონ ეს ადამიანების სამუშაო ადგილებზე.
  • ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

სს „იუ ინვესთმენთი“ , რომელმა შპს „რუსთავის აზოტის“ აქციებს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიამ ქარხნის მათ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ 2000-ზე მეტ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულებები  მათი სოციალური და სახელფასო უზრუნველყოფის მიზნით გააფორმა. ქარხნის წინა მფლობელმა კი ფინანსური პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლო, რის გამოც საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა. “იუ ინვესთმენთი” აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქარხანა არ ფუნქციონირებს და უწევს ურთულეს ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება, კომპანიის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ადასტურებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს.

“ამასთანავე, კომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ პრიორიტეტულად დაასაქმოს ქარხნის დანარჩენი მუშა-მოსამსახურეებიც, რომლებიც კომპანიის ინფორმაციით დღემდე ირიცხებიან ქარხნის ყოფილი მესაკუთრის თანამშრომლებად” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ადგილობრივი წარმომადგენელ გელა ბიჭიაშვილის თქმით, საწარმოში სულ 2300 ადამიანი მუშაობდა – 350 კი ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და საფუძვლის გარეშე გაათავისუფლეს.

„იუ ინვესთმენთის” განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო კომპანიამ ნებაყოფლობით აიღო დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ:

  1. გამოთხოვილ იქნა იმ თანამშრომელთა სია, რომელთა დასაქმებაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა სს „იუ ინვესთმეთის“ მიერ;
  2. მომდევნო 3 თვის განმავლობაში კომპანია თავის თავზე აიღებს ქარხნის ყოფილი თანამშრომლების ყველა მოწყვლადი ნაწილის – მუშა-მოსამსახურეების სოციალურ დაცვას და უზრუნველყოფს ფინანსური დახმარების გაცემას თითოეულ მათგანზე თვეში 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა ქარხნის ყოფილი მესაკუთრე მათთვის ხელფასების ან/და სხვა კომპენსაციის გადახდას;
  3. არაუგვიანეს მომდევნო კვირის ორშაბათიდან კომპანიის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მუშა-მოსამსახურეებს და მათთან გააფორმებს შეთანხმებებს ზემოაღნიშნული დახმარებების გაცემის მიზნით;
  4. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთა სამსახურში აყვანაც ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი