ახალი ამბები

დეპუტატები მოსახლეობას სავიზო რეჟიმის გაუქმებას ულოცავენ

2 თებერვალი, 2017 • 2791
დეპუტატები მოსახლეობას სავიზო რეჟიმის გაუქმებას ულოცავენ

საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებით,  ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

“დღვანდელი დღე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნეოვანია. ძალიან ცოტა დარჩა იქამდე, რომ ვიზის გარეშე შეძლონ საქართველოს მოქალაქეებმა გადაადგილება შენგენის ზონაში. ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და იმ რეორმების მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს,” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცესპიკერი.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველო ღირსეულ პარტნიორად აღიარა:

“დღეს ისტორული დღეა ევროინტეგრაციის გზაზე. უახლოეს თვეებში ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. უვიზო რეჟიმის დაწესება არის საქართველოს აღიარება, როგორც ღირსეული პარტნიორი ქვეყნის, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი შესაძლებლობები იხსნება. თითოეული ეტაპი, რაც ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნამდე მიგვაახლოებს, უმნიშნელოვანესია საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის ჰარმონიზაციის კუთხით ერთიან ევროპულ სივრცეში.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმდება ისტორიული გარღვევაა:

“ეს დღე ბევრად უფრო ადრე, 2014 წელს უნდა დამდგარიყო.  ჩვენი პარტია საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ეს არის იმგვარი სიკეთე, რომელიც მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებით არ შემოიფარგლება. დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ბევრი თანამოქალაქის ცხოვრებას შეცვლის. ჩვენი ხალხი დიდი ხანია იმსახურებს ამ სიკეთეს.”

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.

“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი