ახალი ამბები

უვიზო რეჟიმს ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ლე პენის და ბრექსიტის მომხრე ჯგუფებიდან ჰყავდა

2 თებერვალი, 2017 • 42102
უვიზო რეჟიმს ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ლე პენის და ბრექსიტის მომხრე ჯგუფებიდან ჰყავდა

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სავიზო საკითხზე დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ხმა საქართველომ ევროპის სახალხო პარტიისგან (187) და სოციალ-დემოკრატებისგან (163) მიიღო.

საქართველოდან EPP-ის ჯგუფის წევრი ენმ-ია (ევროპული საქართველო გაწევრიანების პროცედურებს გადის), ხოლო სოციალ-დემოკრატების – “ქართული ოცნება”

ამ კუთხით მესამე ადგილზეა ლიბერალების ალიანსი (ALDE) – 62 ხმა. ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრები საქართველოდან რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები არიან

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, ამ კუთხით საქართველოს საკითხს ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე EFDD-დან ჰყავს- 31. ამ ჯგუფის ლიდერი ევროპარლამენტში ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია, რომელიც UK-ში ბრექსიტის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის სამმა წევრმა ხმა საქართველოს სასარგებლოდ მისცა.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა ENF-ის 24-მა წევრმა. ამ ჯგუფის ლიდერი ფრანგი ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენია. სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრია ვიკა მაიერი, რომელმაც ევროპარლამენტში გამართულ დებატშიც მიიღო მონაწილეობა და თავისი უარყოფითი პოზიცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ღიად დააფიქსირა. ENF-ის 8 წევრმა ხმა საქართველოს სასარგებლოდ მისცა.

უფრო ვრცლად კენჭისყრის შედეგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი