ახალი ამბები

რას აპროტესტებს “ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი

2 თებერვალი, 2017 • 13916
რას აპროტესტებს “ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი

სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” რამდენიმე აქციონერსა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებით დასრულდა პორტალ “კვირის” პრესკლუბში კომპანიის დირექტორის მიერ გამართული ბრიფინგი.

ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული რამდენიმე აქციონერი პორტალ “კვირის” პრესკლუბში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კომპანიის დირექტორმა და მისმა იურისტებმა დაასრულეს პრესკონფერენცია. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დამწვარი შენობის დემონტაჟს და ითხოვენ, პირველადი სახით აღადგინონ შენობა.

“დიმიტრი აბდუშელიშვილმა (კომპანიაში ყველაზე დიდი აქციონერი) როგორც ჩააბარა თავის ძმაკაცს (გიორგი მაჭავარიანს) მთელი და ხელუხლებელი შენობა, ისეთივე დაგვიბრუნოს უკან. ჩვენი მოთხოვნა ეს არის. დაგვიბრუნონ ჩვენი სამუშაო ადგილები, ამდენი მეიჯარეები რომ გააუბედურეს და საქონელი დაუწვეს – მათაც გასცენ პასუხი. ისინიც აქციონერები ხომ არ არიან? იქ ძალიან ბევრია დაზარალებული, როგორც აქციონერი, ისე მოიჯარეც. ძალიან გთხოვთ, ამას მიაქციეთ ყურადღება და არა იმას, ვინმე კარგი ვართ თუ ცუდი. ყველა კარგია და პატიოსნად იხდიდა გადასახადებს. გამოძიება დაგვეხმაროს და დაადგინოს, რატომ ანდეს ამათ (ადმინოსტრაციას) შენობა და რამ გამოიწვია ხანძარი. წინასწარ არავის ვადანაშულებთ,” – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ, რომელიც მინდობილი პირია აქციების 4,5%-ის, ხოლო მისი ქმარი მოიჯარეა.

ქეთევან ჯოხაძე, ე.წ. ბავშვთა სამყაროს ერთ–ერთი აქციონერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ქეთევან ჯოხაძე, ე.წ. ბავშვთა სამყაროს ერთ–ერთი აქციონერი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბრიფინგის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბარი აღარ ისურვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თუმცა ბრალდებებს პასუხი გასცეს იმ აქციონერებმა, რომლებიც გიორგი მაჭავარიანთან ერთად მოვიდნენ პრესკონფერენციაზე. მათი თქმით, დირექტორი ყოველთვის იცავდა მათ ინტერესებს და ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვთ.

ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარზე ეჭვები აქვს კომპანიის დირექტორსაც. გიორგი მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა შენობაში თავიდანვე რამდენიმე ადგილას ყოფილიყო ცეცხლის კერა. დირექტორის თქმით, ხანძარი თავიდან შენობის მცირე ნაწილზე იყო აალებული და მაინც ვერ მოხერხდა მისი ჩაქრობა.

მაჭავარიანის განცხადებით, ჯერ არ არის დემონტაჟის თარიღი დადგენილი. ადმინისტრაცია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას დღეს ელოდება. ექსპერტების დასკვნით, თუ იქნება რეკონსტრუქცია შესაძლებელი, ადმინისტრაცია შენობის დემონტაჟზე უარს იტყვის.

გიორგი მაჭავარიანის ადვოკატი, სოფო დეკანოიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის ჯერჯერობით ვერ მოხერხდა აქციონერთა კრების მოწვევა. დირექტორის კიდევ ერთი იურისტი არჩილ ლეჟავა კი აცხადებს, რომ პირველ რიში მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია ხანძარი.

როგორც ლეჟავა ამბობს, ადმინისტრაციასთან დაპირისპირებულ აქციონერებს შეუძლიათ სასამართლოში იდავონ, მაგრამ ცილისწამების გამო აქეთ მოუწევთ ბოდიშის მოხდა.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, მისი იურისტები და კომპანიის ადმინისტრაციის მხარეს მყოფი აქციონერთა ნაწილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, მისი იურისტები და კომპანიის ადმინისტრაციის მხარეს მყოფი აქციონერთა ნაწილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მაჭავარიანის თქმით, კომპანიაში სულ 93 აქციონერია, საიდანაც მხოლოდ ორი ახმიანებს ბრალდებებს, ხოლო მინიმუმ 85 ადმინისტრაციას უდგას გვერდში.

გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური საბანკო ანგარიში, სადაც თავად აქციონერები დადებენ საკუთარი მოგებიდან თანხებს დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად.

დირეტორის თქმით, თითქმის მთლიანად განადგურდა ის საქონელი, რომელიც შენობაში იყო შენახული, ხოლო სეიფებში შეტანილი ნივთები 100%-ით გადაურჩა ხანძარს. მაჭავარიანი სთხოვს შესაბამის სამსახურებს, რომ გამონაკლისის სახით შეუშვან დაზარალებულები თავიანთ სავაჭრო მაგიდებთან – ზუსტად ისე, როგორც სეიფებში შეიყვანეს და გამოატანინეს საკუთარი ნივთები.

მაჭავარიანის თქმით, შესაძლოა სავაჭრო მაგიდებზე დატოვებული ნივთებიც გადარჩენილიყო. როგორც 31 იანვარს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნეტგაზეთს განუცხადა, შენობაში რამდენიმე გადარჩენილი სავაჭრო მაგიდა ნახა, მათ შორის, თავისიც.

დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2000 დაზარალებული იყო, ჯამში. დღევანდელ ბრიფინგზე კი გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთლიანობაში 2500-დან 3000-მდე ადამიანია დაზარალებული.

“ყველა ბანკს ვთხოვ, რომ თუ დაეხმარებიან ამ ადამიანებს, დაეხმარონ რეალურად და არა რესტრუქტურიზაციით, რომელმაც სამომავლოდ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას მოვაჭრეებს,” – ამბობს კომპანიის დირექტორი.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და მისი იურისტები – სოფო დეკანოიშვილი და არჩილ ლეჟავა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და მისი იურისტები – სოფო დეკანოიშვილი და არჩილ ლეჟავა. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, 18:00 საათისთვის, შენობის პირველ სართულზე ცეცხლი ისევ აალდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს, დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლების ძვირფას ლითონებს შენობის საცავში ინახავდნენ, საკუთარი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს. დაზარალებულები შენობაში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით შედიოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი