ახალი ამბები

კომიტეტმა დაავადებული ხეების ჭრისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდის გაუქმებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2017 • 2667
კომიტეტმა დაავადებული ხეების ჭრისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვით,  თბილისში დაავადებული ხეების ჭრა მარტივდება.

კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებული მწვანე ნარგავები დაავადებული, ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია. პროექტის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრე საკომპენსაციო თანხის გადახდისგან თავისუფლდება.

კანონპროექტის ავტორის, დავით სონღულაშვილის თქმით, საკომპენსაციო თანხის არსებობას სამშენებლო კომპანიების განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია:

“ხეების მოჭრისთვის მოსაკრებელი უქმდება. ხის მოჭრის წესი არ იცვლება და საკრებულომ უნდა განსაზღვროს ის უფლებამოსილი პირი, ვინც მოჭრის ნებართვა უნდა გასცეს. აქედან გამომდინარე, ხის შეფასების პროცედურა, ფაქტობრივად, უფრო მკაცრდება. ეს ინიციატივა არ უნდა დავაკავშიროთ დეველოპერული კომპანიების ხელშეწყობის საკითხს, არამედ სარეკრეაციო ზოლის განვითარებისთვისაა.”

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ. სონღულაშვილისგან განსხვავებით, ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანი სამშენებლო კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნაა:

“ამ ინიციატივით, მინიმალური გადასახადისგანაც კი თავისუფლდებიან ის დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ხეებს მოჭრიან. ხის დაზიანება ხშირად ხელოვნურად ხდება და ამას მტკიცება არ სჭირდება. კანონპროექტი მორგებულია სამშენებლო ბიზნესზე და კანონპროექტი თავის მთავარ არსს, რომ თბილისში ხეები განსაკუთრებულად დაიცვას, სრულიად აცდენილია.”

“პარტიზანი მებაღეების” წევრი ნატა ფერაძე ვარაუდობს, რომ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით დაამტკიცებს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება:

“ეს პროექტი გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორები საკუთარ ტერიტორიაზე სპეციალურად გაახმობენ ხეებს. სიღრმისეული შესწავლაა საჭირო და ასე ნაჩქარევ ტემპში განხილვა მიუღებელია. კანონმდებლობაში ცვლილებები შესატანია, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, ვიდრე დღეს აქ ხდება.”

მოძრაობა “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წევრი ანანო ცინცაბიძე ამბობს, რომ პარლამენტი რეგულაციის მოხსნაზე კი არა, მწვანე ნარგავების დაცვის რეალური  მექანიზმების შემოღებაზე უნდა მსჯელობდეს:

“თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის ზღვარსაა მიახლოებული. ამას აღიარებს ქალაქის მერია. ჩვენ არ უნდა ვმსჯელობდეთ საკომპენსაციო თანხის მოხსნაზე. ეს ინიციატივა ბიზნესის მიერ ინიცირებულია, რომელსაც არ უნდა იმ მცირე მოსაკრებლის გადახდა, რომელსაც იხდის ამ ქაოტური და ფართომასშტაბიანი მშენებლობის პირობებში.”

რაც შეეხება ჭრის ნებართვას, პროექტის თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ მეორე და მესამე კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემ სამსახურს, ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს თბილისის მუნიციპალიტეტი დაადგენს.

2016 წლის 19 დეკემბერს კომპანიამ  “M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სთხოვა,  რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხის დარეგულრებას ეხება. მეორე დღს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას მხარი დაუჭირეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი