ახალი ამბები

პრემიერი: დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა

2 თებერვალი, 2017 • 1390
პრემიერი: დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა

“დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა– ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის  ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

“დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მიმართ იმ  პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერისა, რომლებიც არიან  ევროპარლამენტში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ევროპარლამენტარს, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.

“დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება  დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას.

ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება!

დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შენებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია. 14-დან – 16 საათამდე დროის პერიოდში, ევროპარლამენტარები ამ საკითხს კენჭს უყრიან და გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა  საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ დაშვების გადაწყვეტილებას მხარს. იმისათვის, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ქვორუმის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი