ახალი ამბები

მარიხუანის დათესვისთვის ქუთაისელ დიაკვანს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1 თებერვალი, 2017 • 2349
მარიხუანის დათესვისთვის ქუთაისელ დიაკვანს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მარიხუანის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ დიაკვან გიორგი ჯახუას  პროკურატურამ მანამდე წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა და ახლა 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი ჯახუას საქმე საბოლოოდ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირდა. ამ მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ექვსიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მუხლის შეცვლამდე დიაკვან ჯახუას პატიმრობა არ ემუქრებოდა, რადგანაც მის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობდა. ეს მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ეხება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ  დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აღარ გამოიყენება.

გიორგი ჯახუამ 1 თებერვალს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი სახლიდან ამოღებული კანაფი 400 გრამს იწონიდა. მისი თქმით, დიდი ოდენობა იმიტომაა, რომ მცენარე თავის ფესვებიანად და ტოტებიანად აწონეს.

“ფოთოლი რომ ჩამოეკრიბათ, გამომშრალი 50 გრამამდე იქნებოდა”.

დიაკვანი მიიჩნევს, რომ კანაფის დათესვა კი არა,  კანაფის აკრძალვაა დანაშაული:

“მძიმედ ავად ვარ. ექიმთან მისვლის საშუალებაც არ მქონდა ბევრჯერ. ისეთ ძვირიან წამლებს მინიშნავდნენ, რომ წამლის ფული კი არა, საჭმლის ფული მიჭირს ზოგჯერ. სამედიცინო განათლება მაქვს და სამკურნალო ბალახებთან მქონდა შეხება. რაც ჩემს დაავადებას ერგებოდა და რაც ხელმისაწვდომი იყო, იმას ვიყენებდი,” – ამბობს ჯახუა.

გიორგი ჯახუა ამბობს, რომ C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრიატიტი აქვს. შესაბამისად, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და დიაკვანი შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ მძიმედ ავადაა,  შესაძლოა, სასჯელი ან გადაუვადდეს, ან საერთოდ მოეხსნას.

“სანამ სასამართლო გამამტყნუნებელ განაჩენს გამოიტანს, სასამართლოს უნდა წარედგინოს ცნობები პირის ჯანმრთელობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც განმარტებულია, რომ მისი დაავადებები ხელს შეუშლის სასჯელის მოხდაში. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაავადებს სასჯელის მოხდას, თუმცა დაავალდებულებს, რომ წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს დასკვნა და თუ გამოჯანმრთელდა, განაჩენი აღსრულდება”, – ამბობს საიას იურისტი ლევან ვეფხვაძე.

გარდა ამისა, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომელიც  სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. ამ ბრძანების თანახმად, ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე, IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრული კატეგორია სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

“როცა სასამართლო განაჩენს გამოიტანს და ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლებს მას. ამას სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა, ციხის ექიმის დასკვნა, ფორმა 100  და მსჯავრდებულის განცხადება,” – ამბობს ლევან ვეფხვაძე.


 

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის კულტივირებისთვის განსაზღვრული სასჯელის არაკონსტიტუციურობაზე სარჩელს განიხილავს.  “თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საკონსტიტუციოს სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კერძოდ, მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობამობისთვის.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა სადავოდ მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მცენარე კანაფის უკანონო დათესვისა და მოყვანისთვის. კერძოდ, 265-ე მუხლი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის, მე-2 ნაწილთან მიმართებაში – (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება),”- აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი