ახალი ამბები

ირაკლი ალასანია პარტიულ თანამდებობას ტოვებს

27 ოქტომბერი, 2012 • • 967
ირაკლი ალასანია პარტიულ თანამდებობას ტოვებს

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ეს განცხადება თავდაცვის მინიტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში ვიზიტისას გააკეთა. 

მისი თქმით, დეტალურ ინფორმაციას ფინანსებთან დაკავშირებული დეფიციტის შესახებ მედიას  მომავალ კვირას მოახსენებს: ” ის კონკრეტული მოადგილე, ვინც იქნება პასუხის მგებელი ფინანსებზე, მომავალ კვირას დეტეალურად გაშლის, რა მდგომარეობაა და რა  დეფიციტია. ჩემი პირველი ამოცანა შეიარაღებულ ძალებში არის ის, რომ კვების პრობლემა არ არსებობდეს ჯარში. ზამთარი მოდის და ასევე გათბობის პრობლემა ჯარისკაცებს არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მეომარი, ჯარისკაცი.  მას უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ დაიცვას თავისი სამშობლო.”

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ერთ ერთი მთავარი პრობლემა არის სამინისტროებში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურების დეპოლიტიზაცია: “ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ პოლიტიზებული იქნა ყველა უწყება და მათ შორის, რაც ძლიან ცუდია, თავდაცვის უწყებაც და ძალოვანი უწყებები. აქედან გამომდინარე, არაერთხელ განუცხადებია თავად პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომ აუცილებელია მოხდეს სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ამაში ჩემი წვლილი იქნება ის, რომ მე პარტიულ თანამდებობას დავტოვებ. თავდაცვა, უსაფრთხოება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ის სისტემებია, რომელიც არ უნდა იყოს შეხებაში პოლიტიკასთან და პარტიულ ინტერესებთან. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება დღეს გაფორმდება.”

ალასანიას განცხადებით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მობილური, სწრაფი რეაგირების არმია, რომელიც პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას, რომელიც  რეგიონული უსაფრთხოებიდან გამომდინარე აქვს: “ჩვეენი მთავარი ღირებულება იქნება ჯარისკაცი. მისთვის ყველა შესაძლებლობის და პირობის შექმნა, რათა მან დაიცვას თავისი ქვეყანა. ჩვენ დავიცავთ მშვიდობას, მაგრამ მშვიდობა რომ დავიცვათ, მუდმივად უნდა ვიყოთ მზადყოფნაში.”‘

ალასანიამ სამინისტროში ვიზიტისას განაცხადა, რომ  თავდაცვის სამინისტროს კადრები მოაზრებული აქვს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული: ” საკადრო  ცვლილებებზე არ უნდა ვიჩქაროთ. ცვლილებები იქნება გენშტაბში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე შტაბის წარმომადგენლებს შევხვდები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი