ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი ადმინისტრაციას უპირისპირდება

1 თებერვალი, 2017 • 2309
“ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა ნაწილი ადმინისტრაციას უპირისპირდება

სააქციო საზოგადოება “სავაჭრო სახლი – ბავშვთა” სამყაროს აქციონერთა ნაწილი ადმინისტრაციას უპირისპირდება. მათი თქმით, სავაჭრო სახლის ადმინისტრაცია დაინტერესებული იყო აქციონერთა გაშვებით. აქციონერებს კითხვები სააქციო საზოგადოების ყველაზე მსხვილ აქციონერთან, დიმიტრი აბდუშელიშვილთან დაკავშირებითაც აქვთ, რომელიც “ბავშვთა სამყაროს” 5 588 აქციიდან 2 294-ის მფლობელია (2016 წლის აპრილის მონაცემებით) და სააქციო საზოგადოების 41,05- პროცენტიან წილს ფლობს.

2016 წლის თებერვლის ამონაწერის მიხედვით, სააქციო საზოგადოების 41,05%-იანი წილის მფლობელი შპს “ლეუფერტი” იყო. კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული. 2016 წლის აპრილიდან კი 41,05-პროცენტიანი წილის მფლობელად დიმიტრი აბდუშელიშვილია მითითებული.

თენგიზ ლოლაძის განცხადებით, რომელიც სს “სავაჭრო სახლი – ბავშვთა სამყაროს” აქციათა 5,01 %-ის მფლობელია, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია 2016 მსხვილი ინვესტიციის შემოტანას გეგმავდა, რაც აქციონერთა ხვედრით წილს შეამცირებდა:

მაკეტი წარმოგვიდგინა მაჭავარიანმა, რომ უნდა ავაშენო მეორე  შენობა და ინვესტორი ვიპოვეო, რომელიც 8-10 მილიონს შემოიტანსო. იცოდა, რომ ჩვენ ვერ გავზრდიდით ჩვენს წილებს  და ამიტომ ჩვენი 49 პროცენტი გახდებოდა 0 პროცენტი. იმ 8 მილიონში ჩვენი წილი არაფერი აღარ იქნებოდა.  ეს უნდოდათ, ესაა აქციონერების გაშვების ერთ-ერთი გზა და ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველა გზით შეეცდებოდნენ ამის გაკეთებას,” – ამბობს თენგიზ ლოლაძე.

ლოლაძის თქმით, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს. მისივე განმარტებით, მსხვილი მესაკუთრე, რომელსაც აღნიშნული ინვესტიცია უნდა განეცორდიელებინა და აქციათა 41,05 პროცენტიან წილს ფლობს, დიმიტრი აბდუშელაშვილია. თენგიზ ლოლაძის განცხადებით, როგორც გიორგი მაჭავარიანმა აქციონერებს განუმარტა, აბდუშელაშვილი მისი მეგობარია და აქციონერები მას პირადად არ შეხვედრიან.

ჩვენ ვცადეთ “ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციასთან დაკავშირება, თუმცა დღეს აღმასრულებელი დირექტორის ტელეფონით ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. ბრალდებებს “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა გუშინ “ქრონიკის ეთერში უპასუხა. გიორგი მაჭავარიანმა აქციონერების განცხადებებს სიცრუე უწოდა და თქვა, რომ არასწორია ყველაფერი იმ აქციონერს დაბრალდეს, რომელსაც სააქციო საზოგადოებისთვის ამდენი კრაგი აქვს გაკეთებული:

“ძალიან მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. სირცხვილია, ყველაფერი ბრალდებოდეს იმ აქციონერს, რომელმაც შეიძინა ეს აქციები და კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. 30 წლის განმავლობაში ბავშვთა სამყაროში ქვა-ქვაზე რომ არ დადებულა, ამ სამი წლის განმავლობაში მთლიანად გავარემონტეთ, რაშიც მილიონნახევარი ლარი გვაქვს დახარჯული,” – ამბობს მაჭავარიანი.

აქციონერთა ნაწილი დამწვარი შენობის დემონტაჟსაც ეწინააღმგდეგება. ერთ-ერთი აქციონერის, მაყვალა ომაძის თქმით, რომელიც “ბავშვთა სამყაროს” 5.01 %-იან წილს ფლობს, ხანძრის შემდეგ შენობის დემონტაჟის შემთხვევაში, მათი აქციები ფასს დაკარგავს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციის შედეგად, შენობის დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება.

“ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი, რომელიც მალევე შენობასაც მოედო, 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112-ზე) 30 იანვრის 04:10 საათზე შევიდა შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე, ამის მიუხედავად, შენობას სრულად დაიწვა.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი