ახალი ამბები

რკინიგზელთა გაფიცვაზე შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

26 ოქტომბერი, 2012 • • 1189
რკინიგზელთა გაფიცვაზე შესაძლოა მოკვლევა დაიწყოს

 

ირაკლი ეზუგბაია
ირაკლი ეზუგბაია

“დიალოგის რეჟიმში ვიყავით პერმანენტულად, რომ სწორი გამოსავალი მოგვეძებნა, მაგრამ, როცა გენერალური დიარექტორი არ ასრულებს მოვალეობას, დირექტორთა საბჭოს  შეკრება შეუძლებელია და ვერც ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება მოხდება,”– განაცხადა ირაკლი ეზუგბაიამ.

 

მისი თქმით, კომპანიის მენეჯმენტისათვის თანამშრომელთა განწყობის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ: “არ არის გამორიცხული, რომ გაფიცვის თემაზე მოკვლევა დაიწყოს და გამოძიება ჩატარდეს”. 

 

ეზუგბაიას თქმით, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭიროა კომპანიის  ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლა: “ჩვენი თხოვნა იყო, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში მოეთმინათ. ხელფასების ზრდა  განაპირობებდა  ბიუჯეტის ზრდას 11 მილიონი ლარით. ამასთან, ეს შეეხებოდა მხოლოდ თანამშრომლების 40 პროცენტს. ყველას რომ გაზრდოდა ხელფასი, ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო 32 მილიონ ლარამდე. ყოველწლიურად 32 მილიონი ლარის ხარჯებში დამატება კომპანიის კაპიტალის ღირებულებას 300 მილიონი ლარით შეამცირებდა. ეს გადაწყვეტილება უნდა შეჯერებულიყო მთავრობასთან. უნდა განეხილა სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებელს.” 

 

ეზუგბაია ამბობს, რომ თანამშრომლებს აქვთ ლეგიტიმური უფლება თავიანთი განწყობის გამოხატვის, მთავარია ეს იყოს კონსტრუქციული. მისი თქმით, მემანქანის ხელფასი გამომდინარე რანგირებიდან შეადგენს 1250 ლარს: “მემანქანეების ნაწილი იღებს ამ ხელფასს, ნაწილი კი 2012 წლის 1 დეკემბრიდან მიიღებს. ეს არ არის ხელფასის საბოლოო ზრდა. ამ ხელფასს იღებდა მემანქანეების მცირე ნაწილი, რადგან იყო რანგირების პროცესში, დანარჩენი ნაწილი კი იყო გამომუშავებაზე. აქედან გამომდინარე, თანამშრომლები ამ ხელფასის აღებას ახერხებდნენ, მაგრამ ორჯერ მეტი მუშაობის ხარჯზე. თბილისის დეპოში ვერ იღებდნენ მაღალ ხელფასს, ხაშურში ხდებოდა საშუალოდ 600 ლარის დარიგება, სამტრედიის დეპოში – 500 ლარის.” 

 

ეზუგბაიას განცხადებით, პროცესი სამართლიანი რომ იყოს, ყველა მემანქანემ უნდა მიიღოს 1250 ლარი: “ჩვენი  გადასახედიდან გამომდინარე, საათობრივი ანაზღაურება არ არის სწორი. ამიტომ ყველა გადავიყვანეთ ფიქსირებულ ხელფასზე.” 

 

24 ოქტომბერს ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ორი საათით გაიფიცნენ თბილისის მახარისხებელი დეპოს თანამშრომლები. ორი საათით გაჩერდა მოძრაობა ხაშურის და სამტრედიის დეპოში.

 

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან 2012 წლის 22 ოქტომბერს გადადგა.    

მასალების გადაბეჭდვის წესი