ახალი ამბები

გია ცერცვაძე უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

1 თებერვალი, 2017 • 1933
გია ცერცვაძე უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

მებრძოლი გია ცერცვაძე აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს, თუმცა აზუსტებს, რომ მისი მოტივაცია რუსეთის მიერ გამოცხადებული “ნადირობისაგან” თავის დაცვაა. ცერცვაძე თავშესაფარს მისი ოჯახის სხვა წევრებისთვისაც ითხოვს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა სოციალურ ქსელებში, იმ ადამიანებს, ვინც მიტინგზე გამოვიდნენ, ასევე უკრაინაშიც… ყველა ამ ადამიანს დიდი მადლობა. რატომ მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი? ის, რაც ჩემთან დაკავშირებით მოხდა, ანუ ის, რომ მე გადამცეს სხვა ქვეყანას, არ გამაფრთხილეს აეროპორტში, რაც უნდა გაეკეთებინათ ქართველ მესაზღვრეებს და შსს-ს თანამშრომლებს… მე  ქვეყნიდან გამომიშვეს იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა გადამცემდა რუსეთის ფედერაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი საქართველოში”, – ამბობს ცერცვაძე და დასძენს, რომ ის საფრთხეს არა საქართველოსგან, არამედ რუსეთისაგან გრძნობს, თუმცა არ ენდობა საქართველოს გარკვეულ სახელიუფლებო ორგანოებს:

“მე არ ვენდობი ჩვენი ქვეყნის ერთეულ სტრუქტურებს, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა, მე საქართველო მიყვარს. უბრალოდ, ცუდი ფაქტი მოხდა, რომ საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა საიდუმლო ორგანიზაციაში, რატომღაც  რუსეთის ფედერაციის ხელში აღმოჩნდა. ეს მარტო მე არ მეხება, სხვა მებრძოლებზეც (სპეცსამსახურის ყოფილი თანამშროლები) ინფორმაცია რუსეთზეა გააცემული. რუსეთმა უკვე დაიწყო ე.წ. ნადირობა იმ ხალხზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ როგორც საქართველოში, ასევე, აქ უკრაინაში”, – ამბობს ცერცვაძე.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იანვრის ბოლოს ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი