ახალი ამბები

დევნილების გარდა შენობებს სოციალურად დაუცველებიც იკავებენ

26 ოქტომბერი, 2012 • 1057
დევნილების გარდა შენობებს სოციალურად დაუცველებიც იკავებენ

სოციალურად დაუცველთა ნაწილმა გუშინ, გვიან ღამით, ნაძალადევის მეტროსთან, დადიანის #30-ში ძველი გამგეობის შენობა დაიკავა, რომელშიც ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურია განთავსებული.

 

შენობაში შესვლის შემდეგ მათთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა ახალი მინისტრი დავით დარახველიძე მივიდა. როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, მინისტრი მათ დახმარებას დაპირდა. 

 

„ჩვენ ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ძველი ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ მოვიდნენ და მოგვხედონ. ამდენი ხანი რასაც გვპირდებიან, დაგვაკმაყოფილონ და საცხოვრებელი მოგვცენ“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სოციალურად დაუცველი ნუნუ ჩიმაკაძე.

 

სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ.

 

სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა გუშინ თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა მათთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პირობებს რამდენიმე კრიტერიუმი დაუმატა, რასაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ.

 

ბოლო დღეების განმავლობაში სხვასხვა შენობებაში შეჭრა და დაკავება განახორციელეს დევნილებმა. გუშინ, 25 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ძველი ხელისუფლების მონაწილეობით შეიქმნა დევნილებთან დაკავშირებით პრობლემები: 

 

“მე მგონი, რომ ორგანიზებული შეჭრები ხდება, ძველი ხელისუფლება, მე მგონი, ამაში ძალიან აქტიურობდა, დაპირებები გასცა, როგორც ჩანს, და მძიმე სიტუაცია შეგვიქმნეს. ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების დროს გასცეს ამათ რაღაც დაპირებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი