ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ენის კლასები აჭარაში

1 თებერვალი, 2017 • 3204
აფხაზური ენის კლასები აჭარაში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აჭარაში აფხაზური ენის კლასები გახსნა.

შერიგების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ფერიას და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

სამინისტროს ცნობითვე, თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი უტარდებათ.

“ამ სოფელში [ფერია] ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, შერეული ოჯახები და ეს ადამიანები დღეს საუბრობენ შერიგების აუცილებლობაზე, ერთად თანაცხოვრებაზე, მშვიდობაზე, იმაზე, რასაც ისინი ამ სოფელში ერთად აკეთებენ და რაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩართულობით, შერიგების პოლიტიკით და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი აცხადებს, რომ აფხაზური ენის დაცვა ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„რამდენიმე თვის წინ აჭარაში ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შევხვდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მიხარია, რომ შევძელით დანაპირების შესრულება – დღეს გავხსენით აფხაზური ენის კლასები და აფხაზური ენის შესწავლის მსურველი ბევრია. მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ისე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში აქტიურობდნენ, პედაგოგებს, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან ამ საქმეს. ჩვენი ვალდებულებაა აფხაზური ენის, იდენტობის და კულტურის დაცვა, აფხაზური ქართულთან ერთად არის სახელმწიფო ენა და მომავალში კიდევ მეტ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი