ახალი ამბები

“ავირჩევთ თუ არა რეალურად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ სახალხო დამცველს”

25 ოქტომბერი, 2012 • 1438
“ავირჩევთ თუ არა რეალურად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ სახალხო დამცველს”

თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი

გთავაზობთ ომბუდსმენობის კანდიდატ თამარ გურჩიანის სიტყვას, რომლითაც მან მიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილეებს.  24 ოქტომბერს გამართული დისკუსიის თემა იყო  „ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია – საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის“. 

მე მინდა დავიწყო ციტატით, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ საჯარო ბიბლიოთეკის გაყინულ სამკითხველო დარბაზში წავიკითხე:

“ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი. ღმერთმა მათ მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა. ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ. თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება, შეცვალოს ან გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა, დააფუძნოს იგი ისეთ პრინციპებზე და ისეთი ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელი იქმნება მისი უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის.”

ეს არის ციტატა ამერიკის შეერთებული შტატების 1776 წლის 4 ივლისის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან.
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი იურისტი თუ ადამიანის უფლებათა დამცველი უმალ საფრანგეთის რევოლუციას და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიპეტიებს გაიხსენებდა და ისაუბრებდა ყველაფერზე – გაეროს შექმნით დაწყებული, ევროსაბჭოს რეგიონული მექანიზმით დასრულებული. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ადამიანის უფლებათა წარმოშობაზე კლასიკური ლექციის ჩატარება. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილების და დამოკიდებულების შესახებ გიყვებით.

15 წლის წინ გავიაზრე ის, რომ ადამიანების სიცოცხლე, თანასწორობა, თავისუფლება და მათი სწრაფვა ბედნიერებისაკენ არის თავად სახელმწიფოს საზრისი. სწორედ მაშინ შევადარე ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და შემძრა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი თითქმის იმეორებდა ამ სულისკვეთებას.

“საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.”

არც 1918 და არც 1921 წელს ჩვენს “დამფუძნებელ მამებს” ეჭვიც არ გასჩენიათ, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება, ადამიანთა თანასწორობა სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იცოცხლა და ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, დიდი დრო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს, როგორც სახელმწიფო, საქართველო ძალიან ახალგაზრდაა. მე მხოლოდ 11 წლის ვიყავი, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

დამოუკიდებობის 21 წლის მანძილზე მე არასოდეს მინახავს ჩემს ქვეყანაში ადამიანი ღირებულებათა ცენტრში. არასდროს მომისმენია, რომ ადამიანს აქვს უფლება ისწრაფვოდეს ბედნიერებისკენ. არადა, სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა თავისი პოტენციალი გამოავლინოს. თუმცა ჩვენი ქვეყნის წინაშე მუდამ იდგა თავისუფლებისა და უსაფრთხოების დილემა და, სამწუხაროდ, ეს დილემა ყოველთვის უსაფრთხოების სასარგებლოდ წყდებოდა.

არც ამერიკა გახლავთ იდეალური ქვეყანა, რამოდენიმე შტატში ისევ გამოიყენება სასჯელის არაადამიანური და უმკაცრესი ზომა – სიკვდილით დასჯა. ამ ქვეყანას საერთოდ ხელი არც აქვს მოწერილი კონვენციებზე ბავშვის უფლებათა და ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. თუმცა აშშ ნამდვილად არის ხელისუფლების გაწონასწორების საუკეთესო მაგალითი.

როგორც ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, ისინი, ვინც თავისუფლებას შესწირავენ უსაფრთხოებას, არც თავისუფლებას იმსახურებენ და არც უსაფრთხოებას. ბევრისთვის ეს გამონათქვამი გაუგებარია. ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანია – თავისუფლებაც და უსაფრთხოებაც.

მაგრამ მხოლოდ ისეთ ხელისუფლებას შეუძლია ამ ორ ინტერესს შორის ბალანსის შენარჩუნება, რომელიც თავად ბოჭავს საკუთარ თავს სხვადასხვა მაკონტროლებელი სისტემებით. ჩვენ ამგვარი ბალანსი დღემდე არ გვქონია. სახალხო დამცველი სწორედ ასეთი მაკონტროლებელი ინსტიტუტია.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციამ 1995 წელს სწორედ იმიტომ გაითვალისწინა, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ სჭირდება კონტროლი. ხელისუფლების თვითნებობა თავიდან რომ იქნეს აცილებული, დამოუკიდებელმა და პოლიტიკურად ნეიტრალურმა სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვას უნდა უდარაჯოს და ზედემხედველობა გაუწიოს.

ჩვენ დღეს ვისმენთ უამრავ შეფასებას და მესმის, რომ დიდი მოლოდინი არსებობს ამ ინსტიტუტის მიმართ. ეს აიხსნება იმით, რომ ძალაუფლება აბსოლუტურად კონცენტრირებული იყო ერთ ხელში, არ არსებობდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. არანაირ ფუნქციას არ ახორციელებდნენ გამოძიების ორგანოები. ამიტომ გასაგებია ეს მოლოდინები.

ჩვენი ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას არ გაუთვალისწინებია სახალხო დამცველის ისეთი ინსტიტუტი, რომელიც ყველა ფუნქციას თავის თავზე აიღებს. ინსტიტუტს, რომელმაც უნდა აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას.

თვითონ ის პროცესი კი, რაც დღეს მიმდინარეობს, მათ შორის დღევანდელი დისკუსიაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ ისტორიული ამოცანის წინაშე – ავირჩევთ თუ არა რეალურად დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ სახალხო დამცველს, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური გუნდის ნაწილი და რომლის ერთდადერთი ამოცანა იქნება იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

მოლოდინების თემა რომ გავაგრძელო, ზოგადად, მსოფლიოში საუბრობენ ე.წ. ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელზეც, მაგალითად, მილან კუნდერა წერდა – “ყველა სურვილის უფლებად ქცევის ტენდენცია და დღევანდელი ბრძოლა უფლებებისთვის საბოლოოდ შინაარსისგან ცლის თავად უფლებებს”.

მეც ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსაც გადავწვდი, რომელთა დაცვა იმდენად არარეალისტურად ეჩვენებათ, რომ ამ თემაზე საუბარიც კი მის გაუფასურებას შეიძლება მოასწავებდეს.

ეს ნიჰილიზმი ჩემთვის გასაგებია, მაგრამ თუ ჩვენ არ ავირჩიეთ სახალხო დამცველი, რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ყველა ადამიანის ყველა უფლება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, სისტემა არასდროს დაინგრევა, რადგან სისტემა სწორედ იმაზე იყო დაფუძნებული, რომ ეს კონსტიტუციური ვალდებულება არ იყო შესრულებული.

ამავე დროს ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, არ იქნება სასიამოვნო, რადგან ეს არ იქნება ოპტიმისტური განცხადება. სისტემა აუცილებლად შენარჩუნდება, თუ ჩვენ მხოლოდ სახალხო დამცველზე გავაკეთეთ აქცენტი და თუნდაც მხოლოდ სახალხო დამცველზე გავმართეთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია.

ჩვენ გვყავდა სასამართლო, რომლის განაჩენთა 97% გამამტყუნებელი იყო გასულ წელს; 87% საქმეებისა საპროცესო შეთანხმებით დაასრულდა, ხოლო აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა საქმეების 50%-ის შემთხვევაში.
ჩვენ გვყავს 25’000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს კონტექსტი თუ არ შეიცვალა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნით და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებით, სახალხო დამცველი ნამდვილად ვერ შეცვლის ვერაფერს.

ასევე, როცა ვამბობ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის მეორეხარისხოვანი, მე ვგულისხმობ ზუსტად იმას, რასაც ვამბობ. ჩვენ დღეს ნამდვილად გვყავს მეორეხარისხოვანი ადამიანები რომლებსაც შეიძლება 25’000-მდე პატიმარს არ მივაკუთვნებთ, მაგრამ გვყავს 300’000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა ცხოვრების პირობები ზოგ შემთხვევაში პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს.

ჩვენ გვყავს 152’000 ოჯახი სიღატაკის ზღვარს მიღმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ საკვები და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

უხერხულად და ცუდად ვგრძნობ თავს, როცა კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობ ციფრებით, მაგრამ ეს არის რეალობა.

ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესს თანაბრად დაიცავს, უფრო სწორად, ზედმახედველობას გაუწევს იმას, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანის ინტერესი თანაბრად დაიცვას.

ვიცი, რომ ძალიან კონტრავერსულია, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს პრიორიტეტი და პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ პრიორიტეტი არ არსებობს. მაგრამ თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა, ჩვენს ქვეყანაში არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

რაც შეეხება უშუალოდ იმას, თუ რა უნდა გააკეთოს თავად სახალხო დამცველმა, ამაზე უკვე ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა. დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარანატია, რაც მას სჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

მნიშვნელოვანია საკუთრივ არჩევის პროცესიც. სახალხო დამცველობის კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მათი ქცევა აქციონ მაქსიმად სხვებისთვის. თუ ჩვენ დავარღვიეთ ეთიკური თუ საკანონმდებლო ნორმები ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვიქნებით კარგი სახალხო დამცველები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება სახალხო დამცველი, მაგრამ მას ხმა უნდა მისცეს ძალიან მრავალფეროვანმა პოლიტიკურმა ძალებმა, სწორედ იმ 150 პარლამენტის წევრმა, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ. და მე ვეთანხმები ქალბატონ ლიას, რომ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს უფრო მეტს. რადგან მან არა მხოლოდ აირჩია ახალი ხელისუფლება, არამედ გააფთრებული იბრძოდა საკუთარი ხმების დასაცავად. და ეს ასევე იყო უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სახალხო დამცველი ყველა უფლების მიმართ მგრძნობიარე უნდა იყოს. მან ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს პატიმრების უფლებებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს.

უკვე ვახსენე ციფრები და ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც კი შეუძლებელია რომ მოვიპოვოთ, იმდენად იგნორირებულია ეს ხალხი.
როცა ვამბობთ, რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი არ უნდა არსებობდეს, ჯერ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ჩვენ ისინი გვყავს, უბრალოდ ჩვენ მათ ვერც კი ვამჩნევთ. ამიტომაც სახალხო დამცველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ყველა ადამიანის ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება დაიცვას და აიძულოს სახელმწიფო, რომ ყველა ამ ღირებულებას თანაბრად სცეს პატივი.

სახალხო დამცველი ჩართული უნდა იყოს ყველა პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გითხარით, ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს ამ ინსტიტუტის მიმართ, მან არ უნდა გადააჭარბოს თავის ძალაუფლებას, ის ვერ გახდება გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გახდეს უფრო მეტად პროაქტიული.
საქართველოში ადამიანები, მათ შორის ბავშვები, სიღატაკეში ცხოვრობენ, ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც ბიუჯეტირების პროცესშიც იქნება ჩართული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. სახალხო დამცველმა უნდა ითანამშრომლოს პარლამენტთანაც, რადგან ბევრი კანონი აუცილებლად არის შესაცვლელი.

რაც ყველაზე მთავარია, ამ გარდამავალ ეტაპზე სახალხო დამცველმა არ უნდა დაუშვას ის, რომ იგივე შეცდომები განმეორდეს. მაგალითად, ბატონ გოგის კითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუკი პოლიტიკური პატიმარი დაკავებულია ზარის საფუძველზე, ის არ უნდა გათავისუფლდეს ისევ ზარის საფუძველზე. რასაკვირველია, არც ერთმა ადამიანმა არ უნდა გაატაროს წუთიც კი უკანონო პატიმრობაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, მაგალითად, ახლად აღმოჩენილი გარემოებების მექანიზმის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურის დაცვით. სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მექნიზმის შემუშავებაში.

დიდი მადლობა ყურადრებისთვის, დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრი განსახილველი საკითხი დარჩა და შევეცდები მათ კითხვების დროს ვუპასუხო.

 

რედაქციის შენიშვნა:  დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებიც. მათი გამოსვლის ტექსტებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ ტრანსკრიპტის მოწოდების შემთხვევაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი