ახალი ამბები

საწარმოების მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ხელმიუწვდომელი ინფორმაცია

1 თებერვალი, 2017 • 4583
საწარმოების მიერ გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ხელმიუწვდომელი ინფორმაცია

არც საჯარო უწყებები და არც კერძო კომპანიები [Rich Metals Group (RMG), ჯორჯიან მანგანეზი, საქნახშირი და ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია] უზრუნველყოფენ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამის შესახებ 31 იანვარს “მწვანე ალტერნატივის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრა გაიმართა თემაზე: „გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები“. შეხვედრა ფონდ ღია საზოგადოების ინსტიტუტის (FOSI) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მწვანე ალტერნატივის პროექტის, სახელწოდებით „საქართველოში გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მინერალური რესურსების მმართველობისათვის ადვოკატირება”, ფარგლებში.

ინფორმაციის საჯაროობა

მწვანე ალტერნატივა შეეცადა მოეძიებინა მონაცემები, თუ რა ინფორმაციას ავრცელებენ საჯარო უწყებები და კერძო კომპანიები გარემოს დაცვისათვის გაწეული ღონისძიებების, ასევე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ:

“ეს არის ვალდებულება, რომელსაც ორჰუსის კონვენცია აკისრებს საჯარო უწყებებს და კერძო კომპანიებს. მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ საჯარო უწყებები და კომპანიები არ უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას,” – ამბობს “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე და აღნიშნავს, რომ ასეთი პრაქტიკა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემებს ქმნის.

“ჰაიდელბერგ ცემენტ კავკასუსის” გარემოს დაცვის მენეჯერის, ზაზა ჯიჯელაშვილის განცხადებით, ჰაიდელბერგცემენტმა დიდი ბრიტანეთიდან გამოიწერა მონიტორინგის ხელსაწყო, რომელიც ქალაქ კასპში განთავსდება:

“იქნება მონიტორი და ნებისმიერ გამვლელს შეეძლება ნახოს, თუ რა მდგომარეობაა. ალბათ, ამით კომპანიის გახსნილობა მეტ-ნაკლებად გამოჩნდება. ძალიან მისასალმებელია, როცა ვინმე გეუბნება, რა უნდა გააკეთო, მაგრამ კონკრეტულად უნდა მითხრა, რას არ ვაკეთებ და რის გაკეთებას მთავაზობ. თორემ ასე გარედან თქმა, რომ ცუდი ხარ… მაშინ შენ მე რითი მჯობიხარ, ეს მითხარი.”

საქნახშირის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ კომპანია გამჭვირვალედ საქმიანობს:

“ჩვენ ერთადერთი მსხვილი კომპანია ვართ, რომელსაც წლების მანძილზე საიტზე ჰქონდა განთავსებული აუდიტის დასკვნა. აუდიტის პროცესი დასრულდება და 2016 წლის დასკვნასაც დავდებთ საიტზე. განსაკუთრებული შენიშვნები ვერ მოვისმინე, რაც მახარებს.“

RMG-ის გარემოსდაცვითი მმართველის, კონსტანტინე ხაჭაპურიძის თქმით, კომპანია საკუთარი საქმიანობისა და გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიებით, გაზეთებით, ვებგვერდითა და ფეისბუკით ავრცელებს:

“ჩვენ გვაქვს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, ჩავატარეთ აუდიტი და გაწერილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც გარემოსდაცვითი კუთხით უნდა განვახორციელოთ. ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი დავით რობაქიძე ამბობს, რომ დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს ობიექტების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. მისი თქმით, შემოწმების შედეგები საჯაროა და გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებული პირები ამ ინფორმაციას მიიღებენ.

რატომ არ ასაჯაროებენ კომპანიები გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციას? ნინო გუჯარაიძის აზრით ამას ორი მიზეზი აქვს:

“ერთი ის, რომ გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ და კომპანიის ინტერესებში არ შედის ინფორმაციის გამოქვეყნება. მეორე მიზეზი ისაა, რომ ხშირად კომპეტენციის პრობლემაა და სისტემატიზირებული არ აქვთ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არსებობს ინფორმაცია. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ინფორმაციის გამოქვეყნების საჭიროება დაგვენახებინა კომპანიებისთვის.“

 

გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

გარემოსთვის მიყენებული ზიანი

ზაზა ჯიჯეიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროგრესი ეკოლოგიურ გარემოზე ზემოქმედებას გულისხმობს. მისივე თქმით, კომპანია ცდილობს, გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდე დაიყვანოს:

“პროგრესი არ ჩერდება. სამწუხაროდ, პროგრესი სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე ზემოქმედებას გულისხმობს. ეს გარდაუვალი პროცესია. ჩვენი მიზანია ეს ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ის, რომ ვაბინძურებთ – ფაქტია. ის, რომ წარმოებაა – ფაქტია. ის, რომ გამოსასწორებელია – ფაქტია. შპს ჰაიდელბერგი იწყებს ფართომასშტაბიან გადაიარაღების პროექტს. ფაქტობრივად, ეს არის ახალი ქარხნის მშენებლობა კასპში, რომელიც ჩამოთვლილ ხარვეზებს გამორიცხავს.”

ამ “გარდაუვალი დაბინძურებისთვის” ჰაიდელბერგცემენტი უკვე დაჯარიმდა. დავით რობაქიძის თქმით, 2016 წელს კომპანიაში არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

“ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მიმდინარეობს ჰაერისთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და სასამართლოს წესით მოეთხოვება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.”

გარდაუვალ პროცესზე საუბრობს ლევან ვეფხვაძეც. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვება ყველა ვარიანტში ახდენს რაღაც ზეგავლენას გარემოზე:

“ ჩვენი მიზანია, რომ ეს გავლენა მაქსიმალურად შევამციროთ, რათა მომავალმა თაობებმა არ მიიღონ ის უარყოფითი შედეგი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დადგეს. “

გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარატამენტმა 2013 წელს ეს კომპანია ადმინისტრაციული წესით 5 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანმა დაახლოებით 3 მილიონი ლარი შეადგინა. ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი.

რაც შეეხება “RMG”-ის, დავით რობაქიძის განმარტებით, RMG Gold -ში 2013 წლიდან დღემდე ორჯერ განხორციელდა შემოწმება. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა დარღვევები და 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

“საქმე გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. გარემო ძალიან დაბინძურებულია, მიმდინარეობს ზიანის დათვლა და უახლოეს პერიოდში მასალები გადაეგზავნება სასამართლოს. “

როგორც დავით რობაქიძის მონათხრობიდან ირკვევა, გარემოს ყველაზე მეტად “ჯორჯიან მანგანეზი” აზიანებს. 2013 წელს ჯორჯიან მანგანეზი შემოწმდა როგორც ლიცენზიის პირობების შესრულების მხრივ, ასევე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის კუთხით.

“გამოვლინდა ლიცენზიის პირობების დარღვევა და მასალები გადაეგზავნა სასამართლოს. სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და გონივრული ვადა განესაზღვრა დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის ისევ დაჯარიმდა.

 კომპანიამ ნიადაგის დაბინძურება და დეგრადაცია გამოიწვია. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 324 მილიონი ლარი შეადგინა. მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა, რადგან სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა. გამოძიება რა ეტაპზეა, არ ვიცი,” – ამბობს რობაქიძე.

მისივე ცნობით, ჯორჯიან მანგანეზი დაბინძურებულ წყალს მდინარე ყვირილაში ღვრიდა და ამისათვის კომპანია 5 000 ლარით დაჯარიმდა. ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი 30 მილიონამდე ლარით განისაზღვრა.

“გონივრულ ვადაში არ შეასრულა კომპანიამ რეკომენდაციები, ისევ აბინძურებდა მდინარეს, შესაბამისად, გაუსამმაგდა ჯარიმა და 15 ათასი ლარი დაეკისრა, ამის შემდეგ კიდევ ვერ შეასრულა პირობა და ეს 15 ათასი ლარიც გაუსამმაგდა. ახლა 2017 წლის ბოლომდე აქვს ვადა და თუ არ გამოასწორებს დარღვევებს, შეიძლება ნებართვის გაუქმების საფუძველი დადგეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი