ახალი ამბები

საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მომსახურებაზე ტენდერში შესაძლოა “ბილაინმა” გაიმარჯვოს

31 იანვარი, 2017 • 5062
საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მომსახურებაზე ტენდერში შესაძლოა “ბილაინმა” გაიმარჯვოს

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც საჯარო უწყებები ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებით უნდა უზრუნველყონ, შესაძლოა “ბილაინმა” გაიმარჯვოს, რადგან ტენდერში მხოლოდ მან მიიღო მონაწილეობა.

ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლებში კონსოლიდირებულ ტენდერში საბუთების მიღების ვადა 2017 წლის 30 იანვარს ამოიწურა, ამ მდგომარეობით ტენდერში მხოლოდ ბილაინმა (შპს “მობიტელმა”) მიიღო მონაწილეობა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 31 იანვრამდე 260 000 აბონენტის ფიჭური სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა GSM, UMTS, LTE სტანდარტებით უნდა უზრუნველყოს.

კომპანია “ბილაინში” აცხადებენ, რომ მათ შეიტანეს განაცხადი შესყიდვების სააგენტოში და ახლა ელოდებიან, როდის შეისწავლის სატენდერო კომისია მათ განცხადებას. “ბილაინში” დარწმუნებული არიან, რომ მათი დოკუმენტები შესაბამისადაა შედგენილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოუცხადებია და თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ სატენდერო კომისიამ კომპანია “ბილაინი” გამარჯვებულად არ გამოაცხადოს, არსებობს.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყო 2017 წლის 29 იანვარს და დამთავრდა 2017 წლის 30 იანვარს. ამის შემდეგ სატენდერო კომისიამ “გონივრულ ვადაში” უნდა შეისწავლოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავის საიტზე.

კონსოლიდირებულ ტენდერში შესაძლებელი იყო ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღიათ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ფიჭური კავშირგაბმულობის ორ დიდ კომპანიას: ჯეოსელსა და მაგთის, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ტენდერში, კომპანიებში განგვიცხადეს, რომ ისინი ჩვენს შეკითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ. პასუხების მიღებისთანავე “ნეტგაზეთი” მათ მოსაზრებებს გაგაცნობთ.

2016 და 2015 წლებში საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს “მაგთიკომი” ემსახურებოდა, 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, “ჯეოსელმა” და “მაგთიმ”, გაიმარჯვა”. ისინი 300 000 აბონენტს ემსახურებოდნენ. 2014 წელს კომპანია “ბილაინმა” დისკვალიფიკაცია გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი