ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: აქციონერები ზარალს საკუთარი მოგებიდან აანაზღაურებენ

31 იანვარი, 2017 • 2481
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: აქციონერები ზარალს საკუთარი მოგებიდან აანაზღაურებენ

გიორგი მაჭავარიანი, ბავშვთა სამყაროს დირექტორი აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა უმეტესობის პოზიციით, ზარალის აღრიცხვის შემდეგ თავიანთი მოგებიდან დადებენ თანხას და დაზარალებულებს გადაუნაწილებენ:

“ბავშვთა სამყარო ერთადერთი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად დივიდენდს არიგებდა. ჩვენი სააქციო საზოგადოების აქციონერთა უმეტესობის პოზიციაა, რომ ჩვენი მოგებიან უკლებლივ დავდებთ თანხებს და ყველა დაზარალებულს გადავუნაწილებთ – მას შემდეგ, რაც აღირიცხება ყველას ზარალი. იმ აქციონერების ნება იქნება მათი პირადი გადაწყვეტილება, რომ დაეხმარონ ამ გაჭირვებულ ხალხს. ჩვენი უმრავლესობა, ვინც ვართ მმართველები, დირექცია და აქციონერები, თანახმა ვართ, რომ ჩვენ მოგებას სრულად გადავანაწილებთ და აბსოლუტურად ყველა დაზარებულს გადავცემთ. თუ ის აქციონერები, რომლებსაც სხვა პოზიცია აქვთ ახლა, ისინიც თუ გადაიხდიან და დაურიგებენ თანხებს დაზარალებულებს, მათი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა 31 იანვარს გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე, დირექტორი ამბობს, რომ “ბავშვთა სამყაროში” დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები: “არის კიდეც ახლაც ჭერში და ნახავენ. გამართული გვქონდა და ჩაირთო თუ არა, სხვა თემაა. გამოძიება დაადგენს”, – თქვა მაჭავარიანმა.

"ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მისივე თქმით, განიხილება დემონტაჟის საკითხიც: “თუ შენობა დასანგრევი იქნება, დავანგრევთ”, – უთხრა “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა ჟურნალისტებს.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

ხანძარი 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112-ზე) 30 იანვრის 04:10 საათზე შევიდა შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვამლის ჩაქრობა ამ დრომდე, 31 იანვრის 16:00 საათამდე ვერ ხერხდება. ადგილზე ისევ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. მეხანძრეების განცხადებით, კერები ძირითადად არის შენობის უკანა ნაწილში და სარდაფის სართულზე, სადაც ექსპერტები კრძალავენ ყოველგვარ გადაადგილებას. ექსპერტებისგან გაცემულია ნებართვა, რომ ხალხი ეტაპობრივად შეყვანონ მხოლოდ იმ მონაკვეთში, სადაც ინახებოდა მათი ძვირფასეულობა, რომლის გამოტანაც ამ წუთებშიც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი