ახალი ამბები

აქციზის გაძვირების წინააღმდეგ მძღოლების მსვლელობის 3 მონაწილეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

31 იანვარი, 2017 • 6924
აქციზის გაძვირების წინააღმდეგ მძღოლების მსვლელობის 3 მონაწილეს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

10 დეკემბერს ავტომოყვარულების მიერ მოწყობილი მსვლელობის 3 მონაწილეს ავტომობილის მართვის უფლება 1 წლით ჩამოართვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსვლელობის მონაწილეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე პუნქტის პირველი ნაწილის დარღვევაში ადანაშულებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას გულისხმობს, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი.

ვახტანგ ხარაზიშვილი ერთ-ერთია იმ სამი ადამიანიდან, რომლებსაც ამ მიზეზით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. როგორც ამბობს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აქციიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დაიბარეს – პოლიციაში მისულს კი განუცხადეს, რომ აქციასთან დაკავშირებით ფაქტების დაზუსტება უნდოდათ:

“მოვითხოვე ადვოკატი, რისი საშუალებაც არ მომცეს. ადვოკატი არ მომიყვანეს და მითხრეს, რად მინდოდა ადვოკატი. დასტა ფურცლები ედოთ სურათებით აქციის მონაწილეების. მითხრეს, ესენი ყველა უნდა გამოვიკითხოთ და ყველას ადვოკატს ვერ მოვაყვანინებთო. ფორმალობაა, დაწერ ყველაფერს და წახვალო. სიტუაციის აღწერა აინტერესებდა. დავწერე, რომ იყო მსვლელობა, აქცია სამას მანქანამდე. აინტერესებდათ, რა სიჩქარით ვმოძრაობდით. ვმოძრაობდით 15 კმ/სთ სიჩქარით და ვაპროტექსტებდით აქციზის გადასახადის გაზრდას,” – იხსენებს ხარაზიშვილი.

10 დღის შემდეგ კი აქციის ორ სხვა მონაწილესთან ერთად კვლავ დაიბარეს და სამივეს მართვის უფლება 12-12 თვით ჩამოართვეს.

როგორც ხარაზიშვილი ამბობს, კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილება, რომლის საფუძველზეც ავტომობილის მართვა დროებით აეკრძალა, შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე გაასაჩივრა, სამომავლოდ კი დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.

“რამოდენიმე ტელევიზიასთანაც მქონდა კომენტარი გაკეთებული, რომ არ გავჩერდებოდით. ალბათ, ამოიღეს კადრები, ჩემი მანქანა ყველაზე მეტგან ჩანს კადრებში და რომლებიც მეტად ვჩანდით, ამოგვარჩიეს და იფიქრეს, ამის შემდეგ ვეღარ გავბედავდით ხმის ამოღებას. ეს მაგალითია, რომ სხვებმაც არ გაბედონ და არ გამოვიდნენ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად” – ამბობს აქციის მონაწილე.

ვახტანგ ხარაზიშილი - ავტომობილებით მსვლელობის მონაწილე

ვახტანგ ხარაზიშილი – ავტომობილებით მსვლელობის მონაწილე

შსს-ის ქმედებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია “ჰაბ ჯორჯიის” ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე. მისი თქმით, შსს შერჩევითი სამართლის პრინციპით მუშაობს, რადგან 125-ე მუხლის მეექვსე პუნქტი დღემდე არ გამოიყენებოდა არც ერთ ისეთ შემთხვევაში, როგორიცაა თუნდაც ქართული ქორწილი ან წინასაარჩევნო კამპანიები, მაგრამ როცა აღნიშნული ფორმით სამოქალაქო საზოგადოებამ დააფიქსირა პროტესტი, მათ მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს.

“ეს ემსახურება მხოლოდ ერთს, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობა. მათ აქვთ სურვილი, რომ რეალურად შეზღუდონ აზრის გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა, რომ რეალურად შემდეგში არავის გაუჩნდეს სურვილი, გამოვიდეს და მთავრობის  ქმედება გააპროტესტოს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მთავრობას აქვს სურვილი, რომ საქართველოში არ არსებობდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც პროტესტი აქვს მთავრობის პოლიტიკის მიმართ,” – ამბობს ურუშაძე.


10 დეკემბერს თბილისში ავტომოყვარულებმა, ავტომობილების იმპორტიორებმა, დილერებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დიღმიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობა 3 საათზე დაიწყო და 4-ზე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა ავტომობილით რამდენმე წრე დაარტყეს. აქციის მონაწილეებმა ამ გზით მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი.

ავტომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს 10.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი ლუკა პერტაია

ავტომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს 10.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი