ახალი ამბები

ბოლნისში ავტომანქანის საბარგულში დანაწევრებული ორი შველი აღმოაჩინეს

31 იანვარი, 2017 • 2353
ბოლნისში ავტომანქანის საბარგულში დანაწევრებული ორი შველი აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

“სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურგენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება“, – იუწყება გარემოს დაცვის სამინისტრო.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოხერხდა მძღოლისა და უკანონო ნადირობში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს.   

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა

სამინისტროს ცნობით, ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი