ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” საცავებში დაზარალებულების შეყვანა დაიწყეს

31 იანვარი, 2017 • 1359
“ბავშვთა სამყაროს” საცავებში დაზარალებულების შეყვანა დაიწყეს

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულების პირველი ნაკადი პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანხლებით შენობის საცავებში შეიყვანეს, სადაც ძვირფასი ლითონებით მოვაჭრეები საკუთარ ქონებას ინახავდნენ.

როგორც დაზარალებულებმა შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალსიტებს განუცხადეს, საცავში შენახული  ნივთები ხანძარს გადაურჩა და კვლავ საცავებშია დაცული. იგეგმება დაზარალებულების დანარჩენი ნაკადების საცავში შეყვანაც.  ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაზარალებულთა სია აქვს, რომლის მიხედვითაც, სეიფების დასათვალიერებლად შენობაში ოთხ-ოთხი  დაზარალებული შეჰყავთ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, სულ 170 დაზარალებულია.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოვაჭრეები შენობაში სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით შედიან, რათა საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

„სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც შენობაში სამართალდამცველებთან ერთად მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“, – ამბობს ლაშა აბაშიძე.

მეხანძრეები “ბავშვთა სამყაროს” შენობასთან ამ დრომდე მუშობენ.

ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება გუშინ, 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, 18:00 საათისთვის, შენობის პირველ სართულზე ცეცხლი ისევ აალდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ცეცხლი თავდაპირველად შენობის მიმდებარე 3 000 კმ/მ-ს მოედო და შემდეგ შენობაზეც გადავიდა, რომლის ფართობიც 10 000 კვ/მ-ს შეადგენს და ამ დროისთვის სრულად დამწვარია. წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. ვრცლად ხანძრის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი