ახალი ამბები

2 თებერვალს ენმ და აფხაზთა კრება დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართავს

31 იანვარი, 2017 • 3520
2 თებერვალს ენმ და აფხაზთა კრება დევნილთა სამინისტროსთან აქციას გამართავს

2017 წლის 2 თებერვალს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პლატფორმა „აფხაზთა კრების“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა სამინისტროსთან გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავენ.  ისინი დევნილებისთვის 45-ლარიანი სოციალური დახმარების შესაძლო მოხსნას აპროტესტებენ.

დღეს, 31 იანვარს, პარტიის ოფისში ნუგზარ წიკლაური „აფხაზთა კრების“ წევრ 25 ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ დევნილებზე შეტევა დაიწყო და სოციალური დახმარების მოხსნას აპირებს:

„რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური დოკუმენტი, რაც ითვალისწინებს დევნილებისათვის 45-ლარიანი დახმარების მოხსნას. დევნილებს ერთადერთი სტაბილური საარსებო საშუალების გარეშე ტოვებენ, ათასობით ადამიანს შიმშილისა და სიცივისთვის იმეტებენ, დევნილის სტატუსს ართმევენ, რითაც ხელისუფლება აპირებს, უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე,“ – ამბობს წიკლაური და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება გეგმავს, საბოლოოდ ეს ტერიტორიები გადასცეს რუსეთს.

ნუგზარ წიკლაურის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ და „აფხაზთა კრება“ საპროტესტო მოძრაობას იწყებს, რათა ხელისუფლების მომზადებული დოკუმენტი არ შევიდეს ძალაში. შესაბამისად, პირველი აქცია სლოგანით – “არა დევნილთა ძარცვას! არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას! – 2 თებერვალს, 14:00 საათზე, დევნილთა სამინისტროსთან გაიმართება.

ნუგზარ წიკლაური „აფხაზთა კრების“ წევრ 25 ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„აფხაზთა კრების“ წევრის, მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სტალინური მეთოდით მოქმედებს:

„ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ შეტევა დაიწყო დევნილებზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. პირდაპირ მიუთითებენ დოკუმენტში, რომ საბოლოო მიზანი არის დევნილის სტატუსის მოხსნა, შესაბამისად, ძველი სტალინური პრინციპით ხელმძღვანელობენ: არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მაცხოვარმა ხუთი ათასი კაცი დააპურა შვიდი პურით. სრულებით არ არის საჭირო ახლა სასწაული. არჩევნების გამყალბებელ ცესკოს თავმჯდომარეს ისეთი ხელფასი აქვს, ხუთი ათასი დევნილის დაპურება შეუძლია.”

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტი გულისხმობს დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ფორმით დევნილების შემწეობის გაუქმებას:

“არის ვარიანტი, რომ 1250-ლარიანი შემოსავლიდან  დავიდეს 150-ლარიან შემოსავალზე და ასეთებს შეუნარჩუნდეთ. არის ვარიანტი, რომელიც პირდაპირ სოციალურ სტატუსში გადაყვანას ითვალისწინებს. არის კომბინირებული ვარიანტი, რომ მეორე თაობის დევნილებს არ მიეცემათ დახმარება. არის ვარიანტი, რომ ვისაც ბინები ურიგდებათ, დახმარება არ მიეცემათ. საბოლოოდ გამოდის, რომ დევნილების 89 პროცენტი დარჩება სოციალური დახმარების გარეშე.”

დევნილთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ სამინისტროში ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმზღვანელის თქმით, მინისტრს 3 საათამდე არ სცალია, რადგან ქუთაისშია შეხვედრაზე და კომენტარს ვერ გააკეთებს. სამინისტროს საიტზე განთავსებულ მინისტრის მიერ 25 იანვარს გაკეთებული განცხადებაში სოზარ სუბარი ამბობს, რომ დევნილის სტატუსს არავინ ეხება:

“ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტური და უფრო მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ. დიდი ხანია ვაპირებთ დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმას, ეს არ არის ახალი ამბავი, ამის შესახებ ნათლად და მკაფიოდ წერია 2015-2016 წლების დევნილთა სახელმწიფო დახმარების სტრატეგიაში, რომელიც მიღებულია მთავრობის სხდომაზე 2015 წლის 4 თებერვალს და სწორედ ამის განხორციელების მორიგ ეტაპზე გადავდივართ, ეს რეფორმა დიდი ხანია დაწყებულია.”

სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადებები ტყუილია:

“თითოეული თეთრი, რომელიც ამ რეფორმით დაიზოგება, მოხმარდება ისევ და ისევ დევნილებს, მოხმარდება სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას, ამაში იგულისხმება დასაქმების პროგრამები და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია, მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რომ დავაჩქაროთ მშენებლობების ტემპები. გაძლევთ პირობას, ეს რეფორმა ამ მხრივ მოგვცემს ძალიან სერიოზულ წინსვლას და უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება.”

სოზარ სუბარის თქმით, სანამ მოდელზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, დეტალების შესახებ საუბარი ნაადრევია:

“მე შემიძლია გითხრათ, ამ სამინიტროს ბიუჯეტი არის 85 მილიონი ლარი, აქედან 70 მილიონი ლარი ხმარდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რომ სანამ დაბრუნდებიან, ყველა დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები. მაშინ, როცა დევნილთა სოციალურ დახმარებებზე მთლიანობაში იხარჯება 150-160 მილიონი და ამ თანხის დიდი ნაწილი არ არის ეფექტური იმიტომ, რომ ადამიანებს ვურიგებთ 45 ლარს, მიუხედავად იმისა, მის ოჯახს სჭირდება ეს თუ არ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება და ეს არანაირად არ ეხება სტატუსს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ დევნილს უნდა ჰქონდეს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები საკუთრებაში, როგორიც აქვთ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი