ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის შესახებ კენჭისყრას დაესწრება

31 იანვარი, 2017 • 2768
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის შესახებ კენჭისყრას დაესწრება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს, 31 იანვარს, უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს განახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები შეხვედრებს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან, ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ზიგფრიდ ბრაკესთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს, მარია გაბრიელს შეხვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან, კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, სანდრა კალნიეტესთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი დეპუტატები შეხვედრებს ევროკომისრებთან-დიმიტრი ავრამოპულოსთან და იოჰანეს ჰანთან, ასევე, ევროპარლამენტის წევრ ანა გომეშთან გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი