ახალი ამბები

ფსიქიატრთა საზოგადოება სერგეენკოს მოუწოდებს, კლინიკების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროოს

30 იანვარი, 2017 • 2804
ფსიქიატრთა საზოგადოება სერგეენკოს მოუწოდებს, კლინიკების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროოს

ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს განცხადებამ პაციენტის მიმართ ფსიქიატრიული კლინიკების არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე მათ პროფესიულ ღირსებას საფრთხე შეუქმნა.

დავით სერგეენკომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ  ატეხილი “აჟიოტაჟის” უკან კლინიკების ფინანსური ინტერესებია.

“კლინიკებში ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ის ამ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა. ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფსიქიატრთა საზოგადოება სწორედ ამ განცხადებასთან დაკავშრებით ითხოვს მინისტრის პასუხს:

“თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთ არსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ფსიქიატრთა საზოგადოების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ახალი ტიპის განყოფილებების შექმნამ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს გაუჩინა განცდა, რომ მას არა როგორც სოციალურად საშიშ, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე პირს ექცევიან. ავადმყოფს თავად შეუძლია განსაზღვროს, როდის მივიდეს სტაციონარში და როდის გაეწეროს და არავინ აპირებს მის გამომწყვდევას გისოსებიან იზოლატორში. ფსიქიატრთა საზოგადოების განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარებისთვის.

პროტესტი, რამაც თავის დროზე მინისტრის ამ განცხადებამ გამოიწვია, უკაშირედება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანასების წესის ცვლილებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობის 2017 წლის პროგრამა ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციას აფერხებს და ბენეფიციარების ინტეგრაციას ხელს უშლის. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შეამცირა, თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტი კი  არ გაზარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი