ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად 2090 თანამშრომელი დაითხოვეს

30 იანვარი, 2017 • 2089
თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად 2090 თანამშრომელი დაითხოვეს
რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტროდან 2090 თანამშრომელი დაითხოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 30 იანვარს გაავრცელა.

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს.

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში.
 
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს, აცხადებს სამინისტრო.
 

სამოქალაქო ოფისიდან დაითხოვეს 1750 პირი

[checklist]

  • შტატგარეშე – 400
  • შტატიანი – 1350

[/checklist]

შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს 340 სამხედრო პირი

[checklist]

  • ოფიცერი – 217
  • სერჟანტი – 123

[/checklist]

სამინისტროს ცნობით, დათხოვილი სამხედროებიდან 209-მა ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

[checklist]

  • ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი
  • კაპიტანი – 14 ათასი ლარი
  • მაიორი -18 ათასი ლარი
  • ვიცეპოლკოვნიკი – 23 ათასი ლარი
  • პოლკოვნიკი – 29 ათასი ლარი

[/checklist]

სამინისტროს ცნობით, რეფორმის მიზანია, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

2016 წელს თავდაცვის სამინისტროს 670-მილიონიან ბიუჯეტში 67% მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა, ხოლო 33 % ტექნიკის, ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება, აცხადებს სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები, შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლოო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.

სამინისტროს ცნობით, ოპტიმიზაცია მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა, შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების 10 მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა. მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. რის შედეგადაც მთლიანობაში 1 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიზოგა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში 19 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანებები საშტატო სტრუქტურების რეორგანიზაციის შესახებ.

რეორგანიზაციის შედეგად, დღეს, 30 იანვარს,  სამსახურიდან დათხოვილების ნაწილმა სამინისტროსთან აქცია გამართა და სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ კომპენსაცია არ მიუღიათ.

“ჩვენი მოთხოვნა არის, ეს ხალხი დაბრუნდეს სამსახურში… შეწყდეს მასობრივი დევნა ამ ადამიანების და შანტაჟი. და ჩვენი მოთხოვნა არის  ერთ-ერთი, რომ უღირსი მინისტრი ლევან იზორია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს არის გამაფრთხლებელი აქცია… ჩვენ გავაკეთებთ სრულ მობილიზებას, რომ დავიცვათ ჩვენი სამხედროების უფლებები”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, თებერვლის ბოლომდე 10 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაითხოვოს სამსახურიდან. მისი შეფასებით სამინსტროს ეს ნაბიჯი ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი