ახალი ამბები

კობახიძე მართლმსაჯულების III ტალღის პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს უარყოფითად აფასებს

30 იანვარი, 2017 • 5251
კობახიძე მართლმსაჯულების III ტალღის პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს უარყოფითად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფითად აფასებს  სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს.

“ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, თუმცა, თავისთავად, მე ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი. რეალურად, ეს იყო უპრეცედენტო რეფორმა, რომელიც გაატარა საქართველოს პარლამენმტა. ადგილი ჰქონდა ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობას, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენ დეტალებზე ვიმსჯელებთ და კანონპროექტს მომდევნო სესიაზე მივუბრუნდებით,” – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო “საერთო სასამართლოების შესახებ” მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც პარლამენტმა 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და სააპელაციო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები  პირდაპირ უვადოდ უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრთა – მოსამართლეთა რაოდენობაა არანაკლებ 16-ისა. პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ მინიმალურის გარდა უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობაც.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის არჩეული რვა წევრი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი