კალაძე: ენგურჰესი 15 თებერვალს გაჩერდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 15 თებერვალს იგეგმება ენგურჰესის გაჩერება გვირაბის დათვალიერების მიზნით, ხოლო 2018 წელს გვირაბის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კალაძემ დაადასტურა, რომ 26 იანვარს მინსკში ვიზიტისას შეხვდა აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო ენერგოკომპანიის, “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები გამართა ენგურჰესის დროებით გაჩერებასთან დაკავშირებით.

“15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ ენგურჰესის გაჩერებას, ვგეგმავთ გვირაბის დათვალიერებას, რადგან 2018 წლისთვის იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება”, – თქვა 30 იანვარს კახა კალაძემ სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებთან საუბრისას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი ხანი დასჭირდება გვირაბის დათვალიერებას და რამდენ ხანს იქნება ენგურჰესი გაჩერებული.

კახა კალაძის თქმითვე, გვირაბის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს იგეგმება: “2018 წელს, გარკვეული დროით, ალბათ მოგვიწევს ენგურჰესის შეჩერება, რადგან სრულიად მოხდეს გვირაბის რეაბილიტაცია”, – განაცხადა კალაძემ.

“ჩერნომორენერგო” აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ სახელმწიფო ენერგოკომპანიაა. 1300 მგვტ სიმძლავრის ენგურჰესი, რომლის ნაწილიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზეთის ელექტრომომარაგების ძირითადი წყაროა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.