ევა გოცირიძე: ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ ძალთა არნახული მობილიზაცია მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომელიც ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს. კომიტეტმა 24 იანვარს საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატების სია ჩააგდო.

“ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოითქვა თუ არა რაიმე პრეტენზია უშუალოდ ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომიტეტში. გასაუბრების დროს კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით მე არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ჩემთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. უფრო მეტიც, კომიტეტის ბრიტანელმა წვრმა ისიც კი მკითხა, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთი შთამბეჭდავი (მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა -“impressive”) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თავიდანვე არ მოვხვდი სიაში (იგულისხმა კანდიდატთა პირველი სია საქართველოდან წარდგენილი)”,- ნათქვამია გავრცელებულ წერილში. 

გოცირიძე წერს, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ძალთა არნახული მობილიზება მოხდა. იგი არასამთავრობო სექტორს, “ნაციონალურ მოძრაობას”, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და სახალხო დამცველს ასახელებს, რომლებმაც, მისივე თქმით, კომიტეტში მის წინააღმდეგ წერილები გაგზავნეს.

“თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან.  როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც  შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან”,- წერს გოცირიძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ კონსოლიდირებული მუშაობა, შესაძლოა, სტრასბურგში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს, რომელიც მარტის თვეში დანიშნეს და რომელსაც ამჟამინდელი მდგომარეობით ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია განიხილავს. ვანო მერაბიშვილის საქმე  სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში თავიდან უნდა დაიწყოს:

“ასეა თუ ისე, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ზურაბ ადეიშვილის მოადგილე განიხილავს.  მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია, მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. ასე რომ, ამ პროცედურებში ყოველთვის იყო და დღესაც არის პოლიტიკური შემადგენელი საკმაო დოზით”,- წერს გოცირიძეს. 

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩააგდო, რის გამოც ქვეყანამ კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია უნდა წარუდგინოს.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართასტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი სიის წინააღმდეგ არაერთმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის ენმ-დან, ასევე, ომბუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com