ახალი ამბები

ენმ აპირებს, ინტერპოლს სთხოვოს, ქართველ სამხედროებზე ძებნა არ გამოაცხადოს

28 იანვარი, 2017 • 17303
ენმ აპირებს, ინტერპოლს სთხოვოს, ქართველ სამხედროებზე ძებნა არ გამოაცხადოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ენმ ინტერპოლს უახლოეს მომავალში სთხოვს, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ გამოაცხადოს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს “ყველა იმ სამხედროს მონაცემი, რომლის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად გადაეცა”.

“ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს, ჩვენი კამპანია გრძელდება. მსგავსმა ფაქტებმა მიიღო სისტემური ხასიათი. ამიტომ გვსურს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გაასაჯაროოს ყველა იმ სამხედროს მონაცემები, სახელები და გვარები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად. მოვითხოვთ, პარლამენტში ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა 28 იანვარს პრესკონფერენციაზე.

ბიბილაშვილის თქმითვე, ენმ უახლოეს დღეებში ინტერპოლს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ძებნა არ გამოცხადდეს, რადგან, მისი შეფასებით, ყველა მსგავსი შემთხვევა პოლიტიკურია და ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცემები რუსეთს საქართველომ გადასცა. 26 იანვარს, უკრაინის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან საპატიმრო დაწესებულება იმავე დღეს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი