ახალი ამბები

ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები “ლიბერალის”, ტელეარხ 25-ის და სხვა საქმეებზე

28 იანვარი, 2017 • 4116
ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები “ლიბერალის”, ტელეარხ 25-ის და სხვა საქმეებზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 28 იანვარს განიხილა სახალხო დამცველის საჩივარი “ლიბერალის” ჟურნალისტის, ნათია ამირანაშვილის, წინააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, მის მიერ მომზადებულ ერთ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი – სიზუსტე, მეორე სადავო მასალაში კი არც ერთი პრინციპი არ დარღვეულა. საბჭოს ამავე სხდომაზე დაგეგმილი იყო უჩა ნანუაშვილის საჩივრის განხილვა “სტუდია მონიტორის” წინააღმდეგ, თუმცა ამ საქმის განხილვა გადაიდო.

“ლიბერალის” წინააღმდეგ საჩივარში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევდა, რომ მასალებში, პირველთან ერთად, მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებიც იყო დარღვეული, თუმცა საბჭომ მხოლოდ ერთ მასალაში მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საბჭომ 28 იანვარსვე განიხილა გიორგი ტატიშვილის განცხადება “ლიბერალის” ჟურნალისტის, ზურა ვარდიაშვილის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი – სიზუსტე, თუმცა არ დარღვეულა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.

გიორგი ტატიშვილი მიიჩნევდა, რომ ვარდიაშვილის მიერ მომზადებულ მასალაში, “როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა”, დარღვეული იყო ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე  (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებიც, თუმცა მას მტკიცებულებების წარმოსადგენად მიეცა დამატებითი ვადა, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, ონლაინ გამოცემა Kvira.ge-ს რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის თანახმადაც, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

ეთიკის ქარტიის ცნობით, ქარტიაში განცხადება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) შეოიტანა. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია “ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – ,,ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა” ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მეათე პრინციპის გარდა დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპიც, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. თუმცა განმცხადებლის ეს პოზიცია საბჭომ არ გაიზიარა და მხოლოდ მეათე პრინციპის დარღვევა დაადგინა. ქარტიის ცნობით, საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება გამოუგზავნია.


კიდევ ერთი საკითხი, რაც 28 იანვარს განიხილეს, იყო მოქალაქე მუხრან ავალიანის საჩივარი “ტელეარხი 25″-ის ჟურნალისტების, თამილა ზოიძისა და დიანა თურმანიძის წინააღმდეგ, რაც 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება “მაცნეში” გასულ სიუჟეტს (“სახლი გზის გარეშე”) შეეხებოდა. ავალიანი მიიჩნევდა, რომ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭომ კი დაადგინა, რომ ტელეარხი 25-ის ჟურნალისტმა დიანა თურმანიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), წამყვანმა თამილა ზოიძემ კი, მხოლოდ პირველი პრინციპი.

ქარტიის საბჭოს სხდომა. 28.01.2017. ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფეისბუკის გვერდი

ქარტიის საბჭოს სხდომა. 28.01.2017. ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი