ახალი ამბები

ინაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

28 იანვარი, 2017 • 8181
ინაშვილი: პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელებენ, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია, თუმცა სურს, მოისმინოს მმართველი პარტიის არგუმენტები ამ საკითხზე.

“მინდა მოვისმინო “ქართული ოცნების” მხარის არგუმენტები პრეზიდენტის უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ჩვენ ვართ მომხრე, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი. ვიდრე საქართველოში არჩევნები ჩატარდება მართლაც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ბევრი კითხვის ნიშნებია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ის, რომ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, მიმაჩნია დემოკრატიის განვითარების კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად და საყოველთაო არჩევნები არის წინ გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა 28 იანვარს ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ.

როგორც ინაშვილი ამბობს, თუკი ხელისუფლების სხვადასხვა შტო სწორად არის დაბალანსებული, მაშინ სახელმწიფოში “ყველაფერი ნორმალურად მიდის”:

“საპრეზიდენტო იქნება, შერეული იქნება თუ სხვა სისტემა იქნება, მთავარია, რა ხალხი მართავს სახელმწიფოს, როგორი მენტალიტეტით მართავენ სახელმწიფოს და მერე არის მოდელი. მოდელს აღასრულებენ ადამიანები.  რა მნიშვნელობა აქვს, თუ ცუდი ხალხი მართავს ქვეყანას, საპრეზიდენტო იქნება თუ შერეული მმართველობის სტილი, ცუდად წავა ამ სახელმწიფოს საქმე. აქ მთავარია შევჯერდეთ, რა მოდელი გვინდა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა

28 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის იმ ჯგუფის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის ნაწილთან, საქართველოს მთავრობისა და ასევე თავდაცვის საკითხებთან.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” არქივიდან: “არჩეული თუ დანიშნული პრეზიდენტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი