ახალი ამბები

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი მაღლაფერიძის მრჩეველი გახდა

28 იანვარი, 2017 • 3981
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი მაღლაფერიძის მრჩეველი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტი ნოდარ ჭიჭინაძე გახდა. მანამდე იგი თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი იყო.

“ნოდარ ჭიჭინაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და არის ჩემი კონსულტანტი სწორედ საფინიანსო-საბიუჯეტო საკითებში. ვის რა კითხვები უჩნდება და უღრმავდება, ამას გამოაჩენს შედეგები”, – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ “რუსთავი 2”-ს 27 იანვარს.

ჭიჭინაძე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსად 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა. 2016 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით,  2014 წელს იყო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი და ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის ეკონომიკური მრჩეველი. “ჯი-დი-ეს”-ში მისი წლიური შემოსავალი 33 709 ლარი იყო.

ჯიდიესში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჯამინდელი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეც. სწორედ ამ ფაქტორის გამო საზოგადოების ნაწილს კითხვები აქვს მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორად აირჩია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი