თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საპატიმრო დატოვეს

ე. წ.  კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილა დღეს, 27 იანვარს, შეიწყალა.  

პრეზიდნეტის აზრით, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება. რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

საპატიმრო დატოვეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა- გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ და დავით წიფურიამ.

საპატიმროდან გამოსულმა გიზო ღლონტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და  განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. “ნაწილობრივ ეცადა გამოესწორებინა პროცესი, რომელიც ჩიხში შეიყვანა პროკურატურამ და საქალაქო სასამართლომ”, – ასე შეაფასა მან სააპელაციო სასამართლოს მიერ 26 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილება.

პატიმრობიდან გათავისუფლებულებს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან  “თავისუფალი დემოკრატებისა” და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მნიშვნელოვანი დეტალები

  • თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეა;
  • 2017 წლის 27 იანვარს კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიწყალა;
  • პრეზიდენტის შეწყალებამდე, 2016 წლის 26 იანვარს, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულები შეწყალების გარეშე  საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებდნენ;
  • სააპელაციო სასამართლომ  თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისადმი წარდგენილი მუხლი [გაფლანგვა] სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა,  რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია. გადაკვალიფიცირებული მუხლით თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრათ, თუმცა, რადგანაც ისინი 1 წელი და 4 თვე უკვე დაკავებული არიან, პატიმრობის რეალური ვადა 2 თვემდე შემცირდა; 
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი წინასწარი პატიმრობიდან 8 თვის შემდეგ გაათავისუფლეს; 
  • ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები  2016 წლის 16 მაისს დააკავეს, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით,  მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.  საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში.

პოლიტიკური მხარე და შეფასებები

2014 წელს, როცა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, თავდაცვის მინისტრი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იყო.

მაღალჩინოსნების დაკავებიდან 6 დღის შემდეგ, 2014 წლის 4 ნოემბერს, მან “თავისუფალი დემოკრატების” სხვა ლიდერებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა და მაღალჩინოსნების დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევაზე ისაუბრა.

“საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევასთან თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან”.

იმავე დღესვე მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ირაკლი ალასანია. მინისტრების პოსტები დატოვეს “თავისუფალი დემოკრატების” სხვა წევრებმაც.

ამის შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს  კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც  2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა.

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებსაც.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ამის შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით. ისინი მათ პატიმრობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებდნენ.

არასამთავრობო სექტორის კრიტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმეზე ” უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი” იყო, ხოლო “დაკავებული პირები  – უდანაშაულოები”.

“სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ე.წ კაბელების საქმეზე კრიტიკული შეფასებები გააკეთეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი