ახალი ამბები

სუბარი: იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულებას ჩამოშორდება

23 ოქტომბერი, 2012 • 1508
სუბარი: იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულებას ჩამოშორდება
მისივე თქმით, პარლამენტში იქნება ამ ხედვების განხილვა და აქვე აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა იუსტიციის მინისტრის მფარველობის ქვეშ.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე პრიორიტეტზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პირველ რიგში იგეგმება ჰუმანური მიდგომების შემოღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ისე, რომ მან არ ავნოს, ერთი მხრივ, წესრიგს, და მეორე მხრივ, ეს უსაფრთხოება არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ძალაზე და ადამიანის წამებაზე დამოკიდებული.

“ერთ–ერთი უმთავრესი საკითხი ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულელბებში, რომელიც გადახედვას საჭიროებს, ეს შეეხება ჯანდაცვას.  უამრავი პატიმარია დაავადებული ცე ჰეპატიტით, ტუბერკულოზით, ეს არის ის სფერო, სადაც უნდა მოხდეს მჭიდრო თანამშრომლობა  სამოქალაქო ჯანდაცვასა და სამინისტროს შორის. ასევე უნდა ამოქმედდეს გადავადება სასჯელის, როდესაც მძიმე ავადმყოფია”, –ამბობს სოზარ სუბარი.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ასევე უნდა მოხდეს სამედიცინო დეპარტამენტში ხელფასების ზრდა.

“მაგალითად, სამედიცინო დეპარტამენტში 400–დან 600 ლარამდე მერყეობს ექიმების ხელფასი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმის ნახევარი, რაც არის ციხის ზედამხედველის ხელფასი. ეს არაადეკვატურია. ამიტომ საჭიროა იყოს მაღალი ხელფასი, რომ კორუფციისკენ არ გაექცეს ვინმეს თვალი”, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.

მისი შეფასებით, კრიმინალური ავტორიტეტები რომ არ მოემზადონ მართვის ასაღებად, დღეს არსებულმა ხელმძღვანელობამ  არ უნდა დაუშვას იქ აკრძალული ნივთების, მათ შორის ტელეფონების შეტანა.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა წამების საქმეების მიმართ იქნება. გამოძიებული იქნება ციხეში წამების ფაქტები.

რაც შეეხება ამნისტიას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,  ყველა, ვინც იმსახურებს გათავისუფლებას, ყველა, ვინც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს, გათავისუფლდება.

“შეიძლება ამისთვის საჭირო იყოს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ფორმატის შეცვლა და ასეთი საკითხები იხილებოდეს არა თვეში ერთხელ, არამედ თვეში ორჯერ ან ოთხჯერ”, – განაცხდა სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი