ახალი ამბები

პროკურატურამ თემურ ბასილიას განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

27 იანვარი, 2017 • 1669
პროკურატურამ თემურ ბასილიას განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

მთავარი პროკურატურის ცნობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა  ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თემურ ბასილიას საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა  მის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც იგი გასამართლდა.

თემურ ბასილია გასამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“2006 წლის 25 თებერვალს გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა, დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თემურ ბასილიას გარდა, პროკურატურამ კიდევ სამი პირის, შალვა შალიკაშვილის, ალეკო ხარჩილავას და ლაშა წურწუმიას განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

” ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვის კუთხით, შეუქცევადი ხასიათი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი