ახალი ამბები

დევნილთა ნაწილი მინისტრობის კანდიდატის შეცვლას ითხოვს

23 ოქტომბერი, 2012 • 1330
დევნილთა ნაწილი მინისტრობის კანდიდატის შეცვლას ითხოვს

აქციის მონაწილეები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის დავით დარახველიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ და მინისტრად ან უკიდურეს შემთხვევაში მნინისტრის მოადგილეთ ლელა გულედანის დანიშვნას ითხოვენ, რომელიც “დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის” აღმასრულებელი დირექტორია.

როგორც დევნილები აცხადებენ, მინისტრობის კანდიდატი იგივე სტრატეგიით მოქმედებას აპირებს, როგორც წინა მინისტრი მოქმედებდა, რაც მათთვის მიუღებელია:

“ვცხოვრობდით არაშენდაში, იმ ოთახებში, რაც დაკავებული გვქონდა, ყველამ გავაკეთეთ ევრორემონტი, ჩვენი ხარჯებით. შემდეგ გამოჩნდა მესაკუთრე და გამოგვყარეს იქიდან, არანაირი ანაზღაურება არ ყოფილა. შემდეგ რამოდენიმე თვე ქუჩაში ვიყავით, ახლა დაახლოებით 20 დღის წინ იძულებული ვიყავით შევსულიყავით ბაქოს ქუჩა #1–ში მდებარე შენობაში. ამ დროის მანძილზე მთავრობისგან უამრავი დაპირება მივიღეთ, მაგრამ არც ერთი არ შეუსრულებიათ, ამიტომ ვითხოვთ ქალბატონი ლელა გულედანის დანიშვნას მინისტრად, ან მინისტრის მოადგილედ. ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩვენი ბედი ანაღვლებს”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე იულია შამუგია.

როგორც თავად ლელა გულედანი აცხადებს, ის აქციის შესახებ ინფორმირებული იყო:

“ამ აქციის შესახებ ინფორმაცია მქონდა, რადგან ყოველდღე მირეკავენ დევნილები და მეუბნებიან. მითხრეს, რომ ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ, თუმცა მე ოფიციალური შემოთავაზება არ მიმიღია”, – აცხადებს ლელა გულედანი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზება იქნება, ის დათანხმდება:

“თუმცა მე დავთანხმდები იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანად შეიცვლება სტრატეგია დევნილებთან მიმართებაში. დევნილები უარყოფითად არიან განწყობილი მინისტრობის კანდიდატის მიმართ, რადგან ის ამ საკითხებში კომპეტენტური არ არის და ჩვენი ინფორმაციით იგივე პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, რაც წინა მინისტრის დროს იყო და რომელიც 2014 წლამდეა გაწერილი. თუკი ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება, შეიცვლება და თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან დევნილებისთვის, მე სიამოვნებით ჩავერთვები ამ საქმეში”, – განაცხადა ლელა გულედანმა.

“ქართული ოცნების” ოფისის წინ შეკრებილ დევნილებს კოალიციის მხრიდან არავინ გამოხმაურებია.

 

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ამბროლაურში. მან 1 ოქტომბრის არჩევნები “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გოჩა ენუქიძესთან 126 ხმით წააგო. “ქართული ოცნების” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში წერია, რომ დავით დარახველიძეს გააჩნია იურისტის კვალიფიკაცია, მაგრამ არ არის მითითებული, თუ რომელ სასწავლებელში მიიღო აღნიშნული განათლება.

დავით დარახველიძე შევარდნაძის მთავრობის პერიოდის ჩინოვნიკია, “ვარდების რევოლუციამდე”  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო.

 

მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დარახველიძის კანდიდატურის გადახედვას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა. არასამთავრობოები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები. მოგვიანებით მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი