ახალი ამბები

როგორ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ?

27 იანვარი, 2017 • 4164
როგორ შეიცვლება კონსტიტუციაში ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილების შეტანას წევრთა უმრავლესობა მხარს უჭერს.

საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დღეს, 27 იანვარს, თბილისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა.

კახიანის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის გარდა, ყველა ემხრობა კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილებას:

“პირველი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციურად რეგულირება იმისა, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი იყოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, ეს ნორმა საერთოდ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან. იმავდროულად, ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტითაც რეგულირდება და თუ ახალმოწვეული საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს თბილისში, ბუნებრივია, რეგლამენტში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება, – ანუ, სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუციიდან საერთოდ გაქრეს ამ საკითხის რეგულირება. მეორე ვერსია იყოს, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქვეყნის დედაქალაქში,”- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში ყოფნა და ასე შემდეგ, იყო ერთი გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და „თბილისის განტვირთვას.

“ის, რომ დღეს შეიძლება ქუთაისში პარლამენტის ყოფნა იმერეთის ეკონომიკას დიდად ვერ ეხმარება, ეს არც პარლამენტის გადატანის ბრალია და არც მხოლოდ პარლამენტის. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ ,ზოგადად, ეკონომიკური წინსვლა შეაფერხა,”- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი