ახალი ამბებისამართალი

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს

27 იანვარი, 2017 • 1590
სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან დააკმაყოფილა მოქალაქეების, ნადია ხურციძის და დიმიტრი ლომიძის სარჩელი. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც ქუჩებსა და სხვადასხვა ობიექტებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა აქამდე მხოლოდ პროკურატურას ჰქონდა.

დღეიდან პროკურატურას რჩება უფლება, ამოიღოს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით, თუმცა ასეთივე უფლებით, შესაძლოა, სხვებმაც ისარგებლონ მომავალში, თუმცა ვინ? – ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

ნადია ხურციძის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის დეკემბერში წერდა.  ის ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელიც მოითხოვდა ვიდეოჩანაწერის ამოღებას, რაზეც პროკურატურამ უარი უთხრა. სარჩელის ავტორების შემთხვევა არაა ერთადერთი, როცა გამოძიება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და პროკურატურამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ნახვაზე უარი თქვა.

გასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. ამ შემთხვევებში პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეჭვქვეშ დააყენა ვიდეოჩანაწერმა.

აქამდე კერძო ობიექტის მფლობელებს უფლება ჰქონდათ, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, მიეწოდებინათ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ადვოკატებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ იყო, რომელმაც ჩანაწერი დაცვის მხარეს თავისი სურვილით გადასცა. გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ამ აფთიაქს პერსონალიური მონაცემების გამჟღავნების გამო უჩივლა.

დღიდან გაუქმებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ პროკურორებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდათ წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე. ამჯერად პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ამ სამართლებრივი ნორმის ახალი შინაარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი