ახალი ამბები

კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე სამუშაო ჯგუფში მსჯელობენ

27 იანვარი, 2017 • 2773
კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე სამუშაო ჯგუფში მსჯელობენ

დღეს, 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხის დაყენებას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები.

არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. უმრავლესობაში კი მომავალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ არ არის მიღწეული – ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უთხრა.

სხდომის დაწყებამდე ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს, პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ხმები მიიღო პროცენტულად არჩევნებზე, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს:

“არსებულ სისტემაში სწორედ მაჟორიტატულმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა ისე, რომ ამის მანდატი მისთვის ქართველ ხალხს არ მიუცია… ჩვენ ვლაპარაკობთ სამხარეო პროპორციულ სისტემაზე, როდესაც მხარეებში დგება პროპორციული სიები პარტიების მიერ. ბუნებრივია, შენარჩუნდება საერთო ეროვნული ბარიერიც,”- განაცხადა მან.

ISFED-ის დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ კვლავ იმ მოდელს ემხრობიან, რომელთან დაკავშირებითაც 2015 წელს პოლიტიკური პარტიების ნაწილთან კონსენსუსს მიაღწიეს.

“2015 წელს მიღწეული იქნა კონსენსუსი 14 პოლიტიკურ პარტიას, 8 არასამთავრობო ორგანიზაციას და ექსპერტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს: 50%, ანუ 75 მანდატი ერთიან-პროპორციული, ხოლო 75 მანდატი – რეგიონულ პროპორციული გადანაწილებით. ჩვენ ამ მოდელს ვემხრობოთ დღესაც… იმედი გვაქვს, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიის პროცესის შედეგად გამოჩნდება ნება იმისა, რომ სისტემა შეიცვალოს,”- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ არსებულ საარჩევნო მოდელს რამდენიმე ძირითადი ნაკლი აქვს:

[checklist]

  • ბევრი ადამიანი დარჩა, ვისაც წარმომადგენელი არ ჰყავს პარლამენტში.
  • მხოლოდ ძალიან ძლიერი პარტიები მოხვდნენ პარლამენტში
  • საქართველოს პარლამენტში არ გვაქვს ფართო სპექტრის წარმომადგენლობა.

[/checklist]

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სრულად პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს და საარჩევნო ბარიერიც დაიწიოს. იგი არ ეთანხმება არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებულ რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას.

“გამოსავალი არის ერთიანი პროპორციული სია, სადაც იქნება დაბალი ბარიერი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას მოაქალაქეთა მცირე ჯგუფებს, საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ პარლამენტში. შეიძლება 1%-იანი, შეიძლება 0.7%-იანი, შეიძლება 2%-იანი, თუმცა 5%-ზე ნაკლები და 150-ივე წევრი ამ მოდელით უნდა ავირჩიოთ, პროპორციულლი წესით,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იგი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა, თუმცა, გარკვეული დათქმების სანაცვლოდ:

“პირადად მე, მომხრე ვიქნები პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის შესახებ. თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ რომელიმე ქვეყნის ანალოგი, ან მიმსგავსებული ანალოგი, რომ ჩვენ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და, შესაბამისად, გვქონდეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარლებშიც, თუ იქნება გადასვლა მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე, ამან შექმნას გარანტიები იმისათვის, რომ ის არ გამოიწვევს კრიზისს, ის არ გამოიწვევს გაურკვევლობებს და ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რომ შევთანხმდეთ ამ პრინციპზეც,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იგი არ ემხრობა საარჩევნო ბარიერის დაწევას.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა დახურულია და მას ჟურნალისტები არ ესწრებიან.

სხდომის გახსნისას, რომელიც მეორე არხით გადაიცემოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებსა და მოსაზრებებს კომისიის მომდევნო სხდომისთვის, რომელიც 1 თვეში გაიმართება, კანონპროექტის სახით წარმოდგენენ. თუკი კონკრეტულ საკითხზე კომისიის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები ექნებათ, მომზადდება კანონპროექტების ალტერნატიული რედაქციები. კომისიის სხდომის მესამე რაუნდი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, რის შემდეგაც მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენენ. კობახიძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი