ახალი ამბები

საქართველო რუსეთს ოფიციალურად ასახელებს უმთავრეს კიბერსაფრთხედ

27 იანვარი, 2017 • 5751
საქართველო რუსეთს ოფიციალურად ასახელებს უმთავრეს კიბერსაფრთხედ

საქართველოს მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულ კიბერუსაფრთხოების 2017-1018 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს უმთავრესი კიბერსაფრთხეა. სტრატეგიაში საფრთხეებს შორის ასევე დასახელებულია ISIS და სხვადასხვა ე.წ. ჰაკერული ჯგუფი.

რუსეთი როგორც #1 კიბერსაფრთხე

“აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევები და კიბერსაშუალებებით ჩადენილი სხვა დანაშაულები. რუსეთის ფედერაცია იყენებს კიბერსაშუალებებს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში და, შესაბამისად, კიბერსივრცის მეშვეობით რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეწევა საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის შეფერხებას და საქართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკური ღირებულებების დისკრედიტაციას”, – ნათქვამია კიბერუსაფრთხოების თაობაზე მიღებულ სამთავრობო სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანხამად, დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხე რეალურია და მისი დონე მომატებულია 2008 წელთან შედარებით შემდეგ გარემოებათა გამო:

  • რუსეთის ფედერაციას არ შეუცვლია საკუთარი აგრესიული პოლიტიკა კიბერდომეინში;
  • რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად აამაღლა საკუთარი კიბერშეტევითი შესაძლებლობები;
  • რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად დახვეწა კიბერსაშუალებების გამოყენების სპეციფიკა მის მიერვე წარმოებულ ფსიქოლოგიური გავლენის ოპერაციებში;
  • 2008 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს დამოკიდებულება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რაც პოტენციური კიბერთავდასხმების შემთხვევაში, თავის მხრივ, ზრდის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბებს.

“აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერსაფრთხეებიდან განსაკუთრებული აღსანიშნავია შემდეგი: კიბერომი – 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, სამხედრო თავდასხმის პარალელურად, კიბერსივრცეშიც განახორციელა, რომელიც საკუთარი მასშტაბებით, ზიანის ხარისხითა და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან მჭიდრო კოორდინაციით სავსებით აკმაყოფილებს კიბერომის დეფინიციას. რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ პერიოდში კიდევ უფრო განავითარა კიბერსივრცეში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, რაც დასტურდება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მხარდამჭერი კიბეროპერაციებითაც”, – ვკითხულიბთ დოკუმენტში.

ISIS

საქართველო ოფიციალური სტრატეგიის მიხედვით, კიბერტერორიზმს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან საფრთხელ ასახელებს. ამ კუთხით დოკუმენტში გამოყოფილია ISIS

“კიბერტერორიზმი – კრიტიკულ ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს სახელმწიფო მართვის და ბიზნესის მნიშვნელოვან სფეროებზე მზარდ დამოკიდებულებასთან ერთად იზრდება კიბერტერორიზმის საფრთხეები და მოსალოდნელი ზიანის მასშტაბები. თანამედროვე პერიოდში ტერორისტულ დაჯგუფებებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი რესურსები და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა, რომლებსაც აქტიურად იყენებენ საკუთარი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც რეგულარულად ახორციელებს კიბერშეტევებს ანტიტერორისტული კოალიციის წევრი სახელმწიფოების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშულია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სხვადასხვა ქვეყნაში ტერორისტული აქტების დაგეგმვას ახორციელებს დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო სოციალური ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით ეწევა ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების მასობრივ გადაბირებას.

APTs

სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება მიზანმიმართულ საფრთხეთა ჯგუფების (Advanced Persistent Threat Groups -APTs) კიბერსივრცეში საქმიანობა, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ჯგუფებს გააჩნიათ ძლიერი კიბერშეტევითი შესაძლებლობები და შეუძლიათ საკუთარი აქტივობების კომპლექსურად შენიღბვა.

“APTs შესაძლოა იყვნენ როგორც დამოუკიდებლად მოქმედი არასახელმწიფო აქტორები, ასევე იმართებოდნენ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ.

ტერორისტული ორგანიზაციებისა და სხვა არასახელმწიფო აქტორებიდან მომდინარე კიბერტერორისტული საფრთხესთან ერთად, დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანია ცალკეულ სახელმწიფოთა მიერ ორგანიზებული მიზნობრივი კიბერშეტევები “იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელნი ფლობენ და მუდმივად ავითარებენ მნიშვნელოვან კიბერშეტევით შესაძლებლობებს”.

“ამ კუთხით აღსანიშნავია რუსეთის ფედერაცია, რომელიც ფლობს შესაბამის საშუალებებს და მზად არის, მისთვის არასასურველი ქვეყნების მიმართ კიბერსივრცეში გამოიყენოს ტერორისტული მეთოდები აღნიშნულ სახელმწიფოთა მოსახლეობაზე ან ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით. რუსეთის ფედერაციის კიბერტერორისტული საქმიანობის განსაკუთრებულად საშიში ხასიათი დასტურდება როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მაგალითზე, ასევე, 2007 წელს ესტონეთის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევებით”, – ნათქვამია სტრატეგიაში.

კიბერსადაზვერვო საქმიანობა

დოკუმენტის თანახმად, ამ მიმართებაშიც საქართველოს ძირითადი საფრთხე ემუქრება რუსეთის სპეციალური სამსახურებისგან, “რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ კიბერსადაზვერო საქმიანობას როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, ასევე სხვა სახის დახურული ინფორმაციის მოპოვების მიზნით”.

“2011 წელს საქართველოს შესაბამისი სამსახურების მიერ გამოვლენილ იქნა საკმაოდ დიდი მასშტაბის კიბერსადაზვერვო ოპერაცია – GEORBOT, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო სფეროს, ასევე, საქართველოს ხელისუფლებასა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას. სადაზვერვო ოპერაციის მთავარ სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურებრივი გამოყენების ელექტრონული რესურსები, სადაც დისტანციურად განხორციელდა ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა ინსტალაცია, რომლის მეშვეობითაც მუდმივად ხორციელდებოდა სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციის გადინება. გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებულ ოპერაციას ახორციელებდნენ რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურთან დაკავშირებული პირები”, – აღნიშნულია სტრატეგიაში.

გარდა საფრთხეების შეფასებისა, კიბერუსაფრთხოების სტრატეგია კიდევ რამდენიმე თავისაგან შედგება. მათ შორისაა ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სტრატეგია ამ კუთხით რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, მათ შორისაა სამართლებრივი ბაზის შემუშავება და სრულყოფა; კიბერუსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობათა ამაღლება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება; საერთაშორისო თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ანგარიშში მოცემულია 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი, თუ რის განხორციელებას აპირებს ქვეყანა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ეს საქართველოს მიერ მიღებული რიგით მეორე კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაა. საფრთხეებზე 2013-2015 წლების დოკუმენტშიც არის საუბარი, თუმცა ისეთი კონკრეტიკა არაა, როგორც 2017-2018 წლების სტრატეგიაში:

Screen Shot 2017-01-27 at 12.48.29 PM

“2013 წლის მაისში მიღებულმა კიბერუსაფრთხოების პირველმა სტრატეგიამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემის მდგრადობის ამაღლებას, შესრულდა რა ხსენებული დოკუმენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგია ორიენტირებულია კიბერუსაფრთხოების სფეროს შემდგომ განვითარებაზე, განსხვავებით პირველი სტრატეგიისგან, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კიბერუსაფრთხოების სექტორის განვითარების ზოგადი ჩარჩოს შექმნა. ამასთან, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მასში კიბერთავდაცვის საკითხების ასახვა ამ სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით”, – ნათქვამია 2017-2018 წლების სტრატეგიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი