ახალი ამბები

ბარამიძე: სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის კომიტეტში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ

27 იანვარი, 2017 • 3250
ბარამიძე: სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის კომიტეტში საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ შესარჩევი კომიტეტის წევრებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ.

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ახალი სიის წარდგენა დაევალა.

“რადგანაც ყველა კანდიდატი არ არის საკმარისად კვალიფიციური, კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს ასამბლეას, რომ უარი უთხრას ამ სიას და საქართველოს მთავრობას კანდიდატთა ახალი სიის წარდგენა მოსთხოვოს,”- ვკითხულობთ კომიტეტის დასკვნაში.

საქართველოს მიერ სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი. ნონა წოწორიას, რომელიც ამჟამად არის სტრასბურგში საქართველოს კვოტით არჩეული მოსამართლე, ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

“მინდა პასუხი გავცე გარკვეული პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვათა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მე თურმე „დამიწუნეს არაკომპეტენტურობის და არაკვალიფიციურობის” გამო,”- წერს ალექსანდრე ბარამიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მისი თქმით, საქართველოში მოსამართლეობის კანდიდატების ასარჩევად შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, რომელშიც ასევე შედიოდნენ ომბუდსმენის წარმომადგენელი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენელი, იგი შეარჩია იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის. ბარამიძე ამბობს, რომ მის მიერ კომისიის წევრებისგან მიღებული ქულების საშუალომ შეადგინა 4.68 ქულა (მაქსიმალური 5 ქულიდან), რაც ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი იყო სხვა კანდიდატებთან შედარებით.

ამის შემდეგ, ბარამიძის თქმით, მთავრობის მიერ შერჩეული 3 კანდიდატურის მონაცემები გაეგზავნა ევროპის საბჭოს მრჩეველთა საბჭოს (Advisory Panel), რომელშიც სხვებთან ერთად შედიან ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ჟან-პოლ კოსტა, ვენეციის კომისიის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი კრისტოფ გრაბენვარტერი, და ამ საბჭომ ევროპული სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო პროფესიული კვალიფიკაციისა და ზნეობრივი მოთხოვნებისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია.

“რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მის კომიტეტებს, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტს, ეს ორგანოები პოლიტიკოსებისგან შედგება. თითოეულ მათგანს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური აფილიაცია, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები და სხვა ამგვარი გააჩნია. მე არ ვიცი, ვინ რითი იხელმძღვანელა, მაგრამ ჩემთვის ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არც ერთი თანამდებობა, მათ შორის, არც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ჩემთვის თვითმიზანი არ არის და არც ყოფილა. ამიტომ არ ვნანობ არაფერზე.

რაც შეეხება ე.წ. ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც თურმე მქონია, მიმითითონ ნორმატიული აქტი, რომელიც კონკურსში მონაწილეობას მიკრძალავდა და გაიხსენონ აქამდე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ კანდიდატები და სულაც არჩეულ მოსამართლეებს შორის ვინმე ხომ არ იყო მსგავსი თანამდებობის პირი,”- წერს ალექსანდრე ბარამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი