ახალი ამბები

ინაშვილი: გაზპრომთან ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული ენერგეტიკის სამინისტროში

26 იანვარი, 2017 • 18587
ინაშვილი: გაზპრომთან ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული ენერგეტიკის სამინისტროში

დღეს, 26 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე ინაშვილმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული პასუხიდან  ირკვევა, რომ ენერგეტიკის სამინისტოში ხელშეკრულების ასლი დაცული არ არის და არც ის ჩანს, თუ ვინ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ქართული მხრიდან.

„პასუხი მივიღეთ შემდეგნაირი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. კერძოდ, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული წერილიდან ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას შპს „გაზპრომ-ექსპორტმა“ მოაწერა ხელი, ხოლო, რადგან ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის, უცნობი რჩება, ვინ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან.

მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს რომელიმე შპს, რომელიც „რაღაც უფლებამოსილებით ვიღაცამ აღჭურვა, თუმცა ესეც უცნობია“.

დავით  თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რისი დადგენაც მათ საკუთარი არხებით  მოახერხეს, ეს გაზის სატრანზიტო ფასია, რომელიც ახალი ხელშეკრულებით სამჯერ ნაკლებია.

„როგორც ჩვენ დავადგინეთ, სატრანზიტო ღირებულების ფასი, თუ ჩვენ გადავიანგარიშებთ ას კილომეტრს ათას კუბომეტრზე, ასეთი ფორმულით ხდება ანგარიში, არის 2 დოლარი და 70 ცენტი, მაშინ, როდესაც ვიღებდით 8 დოლარს და 41 ცენტს. ეს არის სამჯერ ნაკლები თანხა“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, ამ ხელშეკრულებას თან ახლავს მეორე პრობლემაც, რომელიც შაჰ-დენისის გაზსადენს უკავშირდება.  დავით თარხან-მოურავის თქმით, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულება გახდება პრეცედენტი და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ შეიძლება  სატრანზიტო ტარიფზე გადასვლა მოითხოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი