ვახუშტი მენაბდე. 26.01.207. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

სოციალური უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში – ინტერვიუ ვახუშტი მენაბდესთან

გასული წლის ბოლოს შეკრებილმა საკონსტიტუციო კომისიამ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოამზადოს, რომელსაც განხილვების შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. კომისიის წევრების ნაწილის ინიციატივით, მოქალაქეების სოციალური უფლებების დაცვა კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული, რაც მოქალაქეების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდის წინაპირობა გახდება. “ნეტგაზეთი” ამ საკითხზე ესაუბრა ინიციატივის ერთ-ერთი მხარდამჭერს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.

—სანამ სოციალური უფლებების კონსტიტუციით დაცვის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, თუ შეიძლება, ავუხსნათ მკითხველს, რა არის სოციალური უფლებები.

არსებობს უფლებები, რომლებიც არა მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში, არამედ უზრუნველყოფს იმასაც, რომ ადამიანს მიეცეს საფუძველი იმისთვის, რომ პოლიტიკური უფლებები განახორციელოს. თუ ადამიანს არა აქვს კონკრეტული სოციალური, მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებული, შესაძლოა, მისთვის მეორეხარისხოვანიც კი იყოს ამ პოლიტიკური თუ სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობა.

სოციალური უფლებები უზრუნველყოფს სწორედ ამ მინიმალურ გარანტიებს, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მისი პოლიტიკური აქტივობა, მოღვაწეობა, გახადოს უფრო აქტიური, უფრო მეტად კონცენტრირებული და მას დარჩეს დრო პოლიტიკისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური ფინანსური გარანტიები, ჯანმრთელობა, დაზღვევა, შრომის, საცხოვრისის უფლება და ა.შ, – ეს, რა თქმა უნდა, სოციალური უფლებებია, მაგრამ სოციალური უფლებები მხოლოდ ამას არ გულისხმობს. გულისხმობს იმას, რომ შეიქმნას საფუძველი, ეს ყველაფერი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ მან გამოითავისუფლოს დრო ყოველდღიური საზრუნავისგან და დარჩეს პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის შანსი.

—ამჟამად კონსტიტუციით დაცული/უზრუნველყოფილი ამ სოციალურ უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. როგორც ვიცით, საქართველოს კონსტიტუცია ერთია იმ ორი გამონაკლისიდან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელიც სოციალური უფლებების ფართო სიას (კატალოგს) არ შეიცავს (მეორე ქვეყანა არის ბოსნია). როგორ ითარგმნება ეს ყოველდღიურობაში?

საქართველოს [კონსტიტუციაში სოციალური უფლებების] ჩამონათვალი ნამდვილად მწირია. ეს ორი რამით იყო განპირობებული – ერთი, ეს იყო საბჭოთა გამოცდილება და რეაქცია საბჭოთა კავშირის დაშლაზე (რომ ნაკლები სოციალური უფლებებია საჭირო), და მეორე იყო ლიბერალური დისკურსი, რომელიც “მცირე სახელმწიფოს” კონცეპტს გვთავაზობდა, რის სისუსტეებსა და პრობლემებზეც პირველ კითხვაზე გიპასუხეთ.

ჩვენ გვაქვს [სოციალური უფლებების] ძალიან მოკლე ჩამონათვალი, – ეს არის განათლების უფლება (რომელიც, სამწუხაროდ, უფასო უმაღლესი განათლების გარანტორი არ არის), ეს არის შრომის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შემდეგ განვითარდა, როგორც შრომის უფლება, თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მასში, უბრალოდ, იძულებითი შრომის აკრძალვა მოიაზრებოდა. შესაბამისად, მას მეტი გარანტიები სჭირდება და ჯანმრთელობის უფლება.

დანარჩენი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფა, საცხოვრისის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები, სამწუხაროდ, ჩვენს კონსტიტუციაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ჩაწერილი.

როდესაც ვამბობთ, მაგალითად, განათლების უფლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა იმიტომ, რომ მარტო იმას კი არ უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს შემდეგ კარგი განათლებით კარგი სამსახური ჰქონდეთ (ვულგარულად რომ გავიგოთ). რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე განათლება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი პოლიტიკური მონაწილეობის ხარისხი გაიზარდოს. მისი მოქალაქეობრივი პოზიცია უფრო მყარი და მეცნიერულად დასაბუთებული იყოს. ამიტომ არის ამ საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანი.

—საკონსტიტუციო კომისიის წევრთა დიდი ნაწილისათვის აშშ-ის კონსტიტუცია რჩება ამოსავალ წერტილად, რომელიც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მთავარი ფუნქცია არის ხელისუფლების შეზღუდვა და ასეთი გაგების ქვაკუთხედია ინდივიდუალური და არჩევანის თავისუფლება. რა პრობლემას ხედავთ თქვენ კონსტიტუციონალიზმის ასეთ გაგებაში?

—არსებობს კონსტიტუციის ორი იდეა, – ვერტიკალური (მენეჯერიალისტური), რომლისთვისაც მნიშნველოვანია ხელისუფლების ეფექტური განხორციელება და მისი კონსოლიდაცია. მეორე არის ჰორიზონტალური, მონაწილეობითი კონსტიტუცია.

კონსტიტუციის პირველი გაგება პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ის მხოლოდ ელიტებს უგდებს ხელში ძალაუფლებას და ხალხს გამორიცხავს ამისგან იმიტომ, რომ ისეთ დაბრკოლებებს შეიცავს, რომ სუსტი ჯგუფები ვერ მონაწილეობენ. მხოლოდ ძლიერი, ელიტური ჯგუფები მონაწილეობენ ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და სუსტ, პატარა ჯგუფებს თავიანთი წარმომადგენლები არა ჰყავთ და არ შეუძლიათ, სხვადასხვა მექანიზმებით გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე.

კონსტიტუციის მეორე გაგება პირიქით, – ამას უწყობს ხელს, მათ შორის, ადამიანის უფლებების საკითხიც ეს არის. ელიტურ კონსტიტუციას არ აინტერესებს, დრო გამოუთავისუფლოს მოქალაქეს. არ აინტერესებს, განათლებით, მეცნიერული არგუმენტებით აღჭურვოს მოქალაქე. იმიტომ, რომ ელიტას ეს ისედაც აქვს, არც ერთის პრობლემა არა აქვს. ჰორიზონტალურ კონსტიტუციებს ეს უპირატესობა გააჩნიათ, რომ ამაზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე ფიქრობენ არა მხოლოდ ინსტრუმენტულად, არამედ მის შინაარსობრივ და, ვთქვათ, პოლიტეკონომიურ არგუმენტებსაც უწევენ ანგარიშს.

—შეიძლება თუ არა, უფრო მკვეთრად გამოჩნდეს კონფლიქტი კონსტიტუციის ამ ორ გაგებას შორის, კონფლიქტი ინდივიდუალური თავისუფლებისა და თანასოწრობის პრინციპებს შორის?

რა თქმა უნდა. ეს კონფლიქტი ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ეს ადამიანის უფლებების თავშიც, ინსტიტუციურ ნაწილშიც, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ შევქმნათ ბერკეტები და გარანტიები.

ვერტიკალური კონსტიტუცია მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ ისინი მარტონი არიან საკუთარ თავთან, მათ ინდივიდუალურ ძალისხმევაზეა ყველაფერი [მათი კეთილდღეობა] დამოკიდებული და საზოგადოების ნაწილად ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს. ვერტიკალური კონსტიტუცია ფიქრობს იმაზეც, რომ ამ ადამიანებს თავი აგრძნობინოს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ, გაზარდოს იდენტობა, შეკრას საზოგადოება და უფრო ერთიანად წარმოაჩინოს.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ოჯახების 0.7%-ს აქვს წელიწადში 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, 2.33%-ს – 40-სა და 100 ათასს შორის, ხოლო დანარჩენს ამაზე ნაკლები. შეიძლება თუ არა, რომ ველოდოთ პოლიტიკურ თანასწორობას/თავისუფლებას და პოლიტიკაში მონაწილეობს გაზრდას არსებული ეკონომიკური უთანასწორობის პირობებში? როგორ არის ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტუკური მონაცემია. ჩვენ რომ გადავავლოთ ქართულ სოციოლოგიურ კვლევებს თვალი, იქაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანების პირველადი საჭიროებები და პირველადი განცდები პრობლემებისა უკავშირდება სოციალურ უფლებებს. კორელაციაში ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, რომ ჩვენ ამ პირობებში არ უნდა მოველოდეთ მაღალ მონაწილეობას. შეუძლებელია, მაღალ პოლიტიკურ აქტივობასა და ჩართულობაზე გვქონდეს ლაპარაკი, როდესაც ეს სტატისტიკური მონაცემი არსებობს და ადამიანებს ყოველდღიურად ლუკმაპურზე უწევს ფიქრი.

—თუკი თავისუფლებასა და თანასწორობას შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც არჩევანს თავისუფლებაზე აკეთებს, ვერც თავისუფლებას იღებს და ვერც თანასწორობას”, მაშ, რა გარანტია გვაქვს, რომ თანასწორობაზე არჩევანი მოგვიტანს თავისუფლებასა და თანასწორობას?

პოლიტიკური წესრიგი დგას ორ საფეხურზე, ეს არის თავისუფლება და თანასწორობა. ორივეს ჰგონია, რომ დამოუკიდებლად შეუძლია იტვირთოს სამართლიანობა, თუმცა სამართლიანობა არის დაბალანსებული მიდგომა თანასოწორობას და თავისუფლებას შორის. მხოლოდ თავისუფლება მოგვცემს ლოგიკას, სადაც “ძლიერები გადარჩებიან და სუსტები გადაშენდებიან”, რაც აბსოლუტურად ფაშისტური ლოგიკაა.

აქ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც სოციალური უფლებების ვრცელი სიაა გაწერილი კონსტიტუციაში, ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფები მაინც ვერ ახერხებენ, უკეთ იცხოვრონ. სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ჩაწერა აღმოფხვრის თუ არა სიღარიბეს და მოახერხებს თუ არა უთანასწორობის შემცირებას? თუკი ვერ მოახერხებს, მაშ, რატომ გვჭირდება?

სოციალური უფლებები არის პროგრესული რეალიზაციის პრინციპით შემუშავებული უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ისინი დღეს და ხვალ კი ვერ ამოქმედდება მთელი თავისი ძალმოსილებით, არამედ ის სახელმწიფოს რესურსებზეა დამოკიდებული, ამიტომ განვითარებაზე ორიენტირებული უფლებებია. ისინი უცებ ვერაფერს ვერ შეცვლის, თუმცა შეცვლის პარადიგმას, გააჩენს სახელმწიფოს ღირებულებას, შექმნიან წინაპირობებს იმისა, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა და ვალდებულება, საკუთარი მოქალაქეების მინიმალური გარანტიები შეუქმნას, მაგრამ არც მხოლოდ ეს იკმარებს. თუ მხოლოდ ადამიანის უფლებებში არის ჰორიზონტალური და მონაწილეობითი ხედვა და დანარჩენი ვერტიკალურია, არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური და უფლებრივი ნაწილის სწორედ ამ მონაწილეობით პარადიგმაში გადატანა.

ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე.