ახალი ამბებისაზოგადოება

ბოლონიის პროცესის ფორმალური წარმატება და შინაარსობრივი მარცხი

27 იანვარი, 2017 • 4913
ბოლონიის პროცესის ფორმალური წარმატება და შინაარსობრივი მარცხი

ფორმალურ დონეზე წარმატებით დანერგილი, თუმცა, საბოლოო ჯამში, შინაარსობრივად პრობლემური პროცესი – ასეა შეფასებული ბოლონიის პროცესი ახალ კვლევაში, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნანი მაჭარაშვილი ამბობს, რომ შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება კვლავ რჩება ბოლონიის პროცესის გამოწვევად: 

“რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ჩემთვის ამ ეტაპზე ჩანს, ეს არის ბოლონიის პროცესის ზოგადი შეფასება, რომელსაც ფორმალური სახე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ინდიკატორებზე, სტანდარტებზე, ამას აქვს მხოლოდ ფორმალური სახე და შინაარსობრივ მხარეს ბოლონიის პროცესი ჯერ არ ფარავს და სწორედ ის კითხვები, რაც დაკავშირებულია სწავლების ხარისხთან, მოდის ამ პრობლემისგან. კრედიტი კრედიტია, მაგრამ როგორი ლიტერატურის გამოყენებით ისწავლება, რის საფუძველზე ითვლება და სხვა კითხვები სერიოზულად ჩნდება. ესაა შინაარსობრივი კუთხე და ჩემთვის სწორედ ეს მხარეა პრობლემური ბოლონიის პროცესში”,- ამბობს ის.

თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თბილისის ექვს უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა: სამ სახელმწიფო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და სამ კერძო უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

კვლევაში “ბოლონიის პროცესი საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები” ნათქვამია, რომ საქართველომ ფორმალურ დონეზე საკმაოდ წარმატებულად დანერგა ყველა ის ძირითადი ასპექტი, რომელსაც ბოლონიის პროცესი მოიცავს – კანონმდებლობაში გაიწერა ბოლონიის მთავარი მოთხოვნები: ხარისხის ერთიანი სისტემის დანერგვა და საგანმანათლებლო საფეხურების განსაზღვრა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რის საფუძველზეც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ერთიანი ევროპული სისტემის წევრად იქცა, ხოლო აქ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელია ევროპულ ქვეყნებში; კრედიტების სისტემის დანერგვა, რამაც შესაძლებელი გახადა სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა; ხარისხის უზრუნვეყლფის მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დონეზე აკრედიტაცია-ავტორიზაციის სისტემისა და უნივერსიტეტებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ამოქმედებით.

ამის პარალელურად კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული კომპონენტები მხოლოდ ფორმალურად შესრულდა, მაგალითად, აკადემიური პროგრამების ხარისხი მხოლოდ ფორმალურად ფასდება და არა შინაარსობრივად. კვლევის ავტორები შეფასების სისტემასაც მიკერძოების რისკების შემცველად მიიჩნევენ, რადგან უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის მინიჭება მხოლოდ ეროვნულ დონეზე ხორციელდება და მასში საერთაშორისო ექსპერტები ან სააგენტოები არ მონაწილეობენ. რაც შეეხება თავად სასწავლო საფეხურის დონეებს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტაცია და დოქტორანტურის აკრედიტაცია ერთი და იმავე კრიტერიუმებით მიმდინარეობს.

“კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ხარისხის შეფასების შიდა მექანიზმები არასისტემურად ფუნქციონირებს: პერმანენტულად არ ხდება სტუდენტებისა და პერსონალისგან უკუკავშირის მიღება და, რაც მთავარია, ეს უკუკავშირი არ აისახება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარისხის შეფასების გარე და შიდა მექანიზმებს შორის კავშირი ნაკლებია, ვინაიდან გარე შეფასება (აკრედიტაცია) არ ეფუძნება შიდა შეფასების მექანიზმების ეფექტურობის შეფასებას და მხოლოდ ფორმალური ყოველწლიური თვითშეფასების კითხვარის შევსებით შემოიფარგლება”,- ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის კიდევ ერთი საინტერსო ასპექტია, როგორ აფასებენ სასწავლო პროცესს თავად სტუდენტები, იქნება ეს ინფრასტრუქტურის, ადმინისტრაციასთან წარმატებული კომუნიკაციის თუ პროფესორ მასწალებლების კომპეტენციის კუთხით. სახელმწიფო უნივერსიტეტების და კერძო უნივერსიტეტების კვლევის თანახმად, ერთი საერთო და მწვავე პრობლემა აქვთ, სასწავლო მასალების ქართულ ენეზე არსებობის სიმწირე. თუმცა კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში სტუდენტებს ნაკლებად უჭირთ უცხოენოვანი ლიტერატურის დამუშავება. უნიერსიტეტებისთვის ასევე გამოწვევაა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, რადგან ამგვარ მექანიზმად უნივერსიტეტები სტუდენტების მიერ ლექტორების შეფასებას იყენებენ, თუმცა რეალურად არ ითვალისწინებენ. მწვავედ დგას აკადემიური პროფესიონალიზმის საკითხიც. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ილიასა და თსუ-ში სტუდენტები საუბრობენ ლექტორის გულგრილ და ქედმაღლურ დამოკიდებულებაზე, თუმცა ილიას უნივერისტეტის სტუდენტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, პროფესორების დაბალ კვალიფიკაციაზე არ საუბრობენ. უნივერსიტეტებიდან, საბოლოო ჯამში, აკადემიური პერსონალით ყველაზე უფრო კმაყოფილი თავისუფალი უნივერსიტეტია.

უფრო კონკრეტულად განვიხილოთ, როგორ აფასებენ სტუდენტები უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესს:

[blue_box]თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[/blue_box]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები განსაკუთრებულად გამოყოფენ აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმის ხარისხს და მათ დამოკიდებულებას სტუდენტებისადმი. სტუდენტები ამბობენ, რომ ლექტორები ავლენენ სექსისტურ, ცინიკურ, დამოკიდებულებას და შეურაცხმყოფელ მიმართვას.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ბევრი ლექტორი არის სექსისტი და ჰომოფობი. როდესაც იგებენ, რომ ქალთა უფლებებზე, ლგბტ თემზე და ა.შ. საკითხებთან დაკავშირებით გაქვს გამოცდილება ან კვლევას აკეთებ, დაინტერესებული ხარ ან სენსიტიური ხარ ამ თემების მიმართ, ეჭვის თვალით გიყურებენ; თითქოს გეუბნებიან, რომ გაიზრდები, უფრო მნიშვნელოვანი თემებით დაინტერესდებიო. ასეთი დამოკიდებულება, ჩემი აზრით, ნამდვილად სამარცხვინოა უმაღლეს სასწავლებელში”- 2011-16 წლებში თსუ-ს სტუდენტი.

“ვართ სტუდენტების ისეთი ნაწილი, ვისაც გვინდა რაღაცის გამოსწორება. როდესაც ლექტორს ვუთხარით, რომ სემინარი და ლექციაზე ჯდომა არაფერს გვაძლევდა, ამიტომ დავწეროთ ესეები, ვიმსჯელოთ, მოვაწყოთ დისკუსიები-მეთქი, ლექტორი ძალიან გაღიზიანდა და ერთ-ერთ სტუდენტს უთხრა, მოკეტეო. მეორეს დაცინვა დაუწყო, შენ სწავლა არ გინდა და ფინალურების ჩაბარება არ გინდაო”.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ თსუ-ს ელექტრონულ სისტემაში (სმს.ტსუ.გე) არსებული ლექტორის შეფასების სისტემა მხოლოდ ფორმალურია და სტუდენტების მიერ გაკეთებულ შეფასებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უნივერსიტეტის მხრიდან მას რეაგირება არ მოჰყვება.

“ბევრჯერ გვითქვამს მიმართულების ხელმძღვანელისთვის, რომ ლექტორი, რომელიც კითხულობს სავალდებულო საგანს, არ მოგვწონს, არაფერს აკეთებს და გვინდა შეცვლა. რა თქმა უნდა, შემდეგ სემესტრში იგივე ლექტორი დაგვხვდება”- 2011-16 სასწავლო წლებში თსუ-ს სტუდენტი.

[red_box]ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი[/red_box]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები პროფესორების ცოდნასა და გამოცდილებას ნეგატიურად არ აფასებენ, თუმცა არ მოსწონთ მათი სტუდენტებისადმი დამოკიდებულება.

“ლექტორს სტუდენტთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს, არ უნდა მაგრძნობინოს, რომ ჩემზე რამით მეტია. ჩემთვის კარგი ლექტორი ის არის, ვინც ზემოდან არ მიყურებს”- 2006-2010 წლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.

“ჩემთვის კვალიფიციურობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ლექტორის მიმართ არ ჰქონდეთ სტუდენტებს დამოკიდებულება, რომ ის ავტორიტეტია, რადგან შემდგომ ამ ლექტორების მოსაზრებები ჰგონიათ ამოსავალი წერტილი,”-2006-2010 წლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.

2005-2010 წლების ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლო კურსები შინაარსობრივად ხშირად ბაკალავრიატის იდენტურია და მხოლოდ დასახელებაა შეცვლილი. შესაბამისად, მაგისტრატურის სტუდენტები ახალ ცოდნას ვერ იღებენ.

“მაგისტრატურაში, ფაქტობრივად, ახალი არაფერი გამივლია, იგივე გავიარე, რაც ბაკალავრიატის დროს. ახალი აკადემიური საფეხური რომ ახალს არაფერს გაძლევს, ცუდია, რა თქმა უნდა” -2006-2010 წლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.

“მოტივაციას კარგავ, როდესაც შინაარსობრივად ან თუნდაც ავტორების კუთხით იგივე საგნებს სწავლობ შეცვლილი სათაურით,”- 2006-2010 წლებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი.

მაგისტრანტებთან შედარებით, 2010 წლის შემდეგ ილიაუნიში ჩარიცხული ბაკალავრი სტუდენტები უფრო დადებითად აფასებენ სასწავლო კურსების მრავალფეროვნებას.

კვლევის თანახმად, ფოკუსჯგუფის მონაწილეების უმრავლესობა კმაყოფილებას გამოთქვამს ილიაუნიში სწავლების პრაქტიკულ კომპონენტთან დაკავშირებით და მისი დახმარებით შეძენილ არაერთ უნარს ასახელებენ. ზოგიერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკული დავალებები დაეხმარა დასაქმებისთვის საჭირო ისეთი საბაზისო უნარების გამომუშავებაში, როგორიცაა, მაგალითად, კომუნიკაციის ეთიკა და მენეჯმენტი, კვლევითი უნარები, პრეზენტაციის მომზადება და სხვ.

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი საგნის გაგებასა და ანალიზზეა ორიენტირებული, მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის სასემინარო საათებზე, როდესაც სტუდენტები სალექციო საკითხს ჯგუფურად აანალიზებენ და ყველა სტუდენტი ჩართულია პროცესში.

“რასაც თეორიულად გვასწავლიან, იმაზე ყოველთვის ცდილობენ, პრაქტიკული სამუშაოები გაგვატარონ. მაგალითად, საველე კვლევებს გვაკეთებინებენ, პროექტებს გვაძლევენ, რომელიც უნდა გავაკეთოთ ხან ჯგუფურად, ხან ინდივიდუალურად, ხანდახან არჩევანზეა”.

კვლევის თანახმად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უცხოა ლექტორების მხრიდან სიძულვილის ენა და მეტიც, ასეთი ლექტორი შესაძლოა თითით საჩვენებელიც კი გახდეს საუნივერსიტეტო სივრცეში.

“როდესაც მიდის საუბარი გენდერზე ან წიგნის განხილვა გვაქვს, არასდროს შევხვედრივარ სიძულვილის ენას და ყოველთვის მშვიდი გარემოა ამ კუთხით. დიდი დაცინვის საგანი იქნება, ვინმემ ეს რომ გააკეთოს, არ აქვს მნიშვნელობა, სტუდენტია თუ ლექტორი, სერიოზულად არავინ განიხილავს. შეიძლება ჰქონდეს დამოკიდებულება, მაგრამ არ ამჟღავნებს” -2011-2016 წლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.

 [yellow_box]შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი[/yellow_box]

ამ უნივერსიტეტის შემთხვევაში აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმზე საუბრისას ორ ფოკუსჯგუფს შორის განსხვავებები გამოიკვეთა. 2005-2010 წლის ფოკუსჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში ძირითადად ამერიკელი ლექტორები კითხულობდნენ ლექციებს და სულ სხვა სტანდარტს ამკვიდრებდნენ. ჰქონდათ სტუდენტებთან განსაკუთრებული მიდგომები, ხოლო ლექციები ინტერაქტიური იყო. სტუდენტები ასევე ადარებენ ქართველ და ამერიკელ ლექტორებს და ხაზს უსვამენ ამერიკელი ლექტორების უპირატესობას მეტი პროფესიონალიზმისა და სწავლების განსხვავებული მეთოდის გამო.

“უცხოელი ლექტორები იყვნენ ძირითადად ჩემს დროს, დავუშვათ, 10 ლექტორიდან 2 იყო ქართველი, დანარჩენი გვყავდა უცხოელი და, მით უმეტეს, ამერიკელი ლექტორები. Feedback-ს უფრო მეტად გვაძლევდნენ.”

კვლევის დასკვნების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს და სხვა შესაბამის უწყებებს  წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი