ახალი ამბებიეკონომიკა

ნორვეგიული კომპანია ნამახვანი ჰესის პროექტში 730 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

27 იანვარი, 2017 • 9138
ნორვეგიული კომპანია ნამახვანი ჰესის პროექტში 730 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group საქართველოში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში” ადასტურებენ. ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, რომლის წინასწარი სავარაუდო ღირებულება, კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე, 730 მლნ. აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ლაჯანაურისა და გუმათის ჰესებს შორის ხორციელდება.

ნამახვან ჰესების პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამახვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 433 მგვტ, ხოლო წლიური საშუალო გამომუშავება 1514 გვტსთ იქნება. პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 მილიონი აშშ დოლარი კაპიტალიზებადი საპროცენტო ხარჯის გარეშე. კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღია 2021 წელი.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა, ოპერირება – ფლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD-მ და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-მ, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი წინადადებები.  გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.

ნორვეგიული გამოცემა Norway Today-ს ინფორმაციით, კოპმანია საქართველოში 8 მილიარდი ნორვეგიული კრონის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დაახლოებით 961 აშშ დოლარია. გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რასაც კომპანია ნორვეგიის ტერიტორიის გარეთ განახორციელებს.

როგორც “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში” ამბობენ, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან  დაკავშირებით.

პროექტის ფოტო

პროექტის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი