ახალი ამბები

“პოლიციამ მოკვლევა უნდა დაიწყოს” – რა ვიცით ამ დრომდე მიტროპოლიტის საქმეზე

26 იანვარი, 2017 • 4706
“პოლიციამ მოკვლევა უნდა დაიწყოს” – რა ვიცით ამ დრომდე მიტროპოლიტის საქმეზე

პოლიციას ამ დრომდე არ დაუწყია მოკვლევა ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს მიმართ ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, მეუფეს არასრულწლოვანთან სექსობრივი კავშირის მცდელობა ჰქონდა.

სამხრეთის კარიბჭესთან” არასრულწლოვნის დედამ თქვა, რომ ეს სიმართლეა და მართლაც ნახა სატელეფონო მესიჯები, რომლებიც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. გამოცემის ინფორმაციით, დედამ მიმართა საპატრიარქოს, ვინაიდან მიტროპოლიტმა მათ არც მოუსმინა.

ნეტგაზეთიც დაუკავშირდა არასრულწლოვნის დედას, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.

არასრულწლოვანთან სრულწლოვნის სქესობრივი კონტაქტი და მცდელობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება (სსსკ 19-140 მუხლი).

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ პოლიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი მხრიდან განცხადება ან შეტყობინება არ შესულა. კითხვაზე, ხომ არ დაიწყებს უწყება გამოძიებას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განგვიცხადეს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, შეგვატყობინებენ. ანალოგიური კითხვა დავუსვით პროკურატურასაც, თუმცა მათ პასუხი ჯერ არ მოუწოდებიათ.

რას ფიქრობს იურისტი?

PHR (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების “ცალსახა ვალდებულებაა”, გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყოს.

“გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივ დანაშაულზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია. როცა გავრცელდება ასეთი ინფორმაცია საჯარო სივრცეში, საგამოძიებო უწყებას აქვს ვალდებულება, მინიმუმ დაიწყოს მოკვლევა, გარემოებების შესწავლა და, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ სათანადო მტკიცებულებები არსებობს, გამოძიებაც უნდა დაიწყოს… ჩვენ ვაპირებთ, რომ დღეს მივწეროთ პროკურატურას და მოვითხოვოთ პასუხი, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და რა ეტაპზეა გამოძიება,”- განაცხადა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, უნდა იყოს დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხელაღებით არავინ უნდა ისაუბროს იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტმა ჩაიდინა ეს დანაშაული. თუმცა აბაშიძე ასევე განმარტავს, რომ ამაზე საუბარი გარდაუვალი იქნება საზოგადოებაში, თუ ამის პრევენციას თავად სახელმწიფო არ მოახდენს გამოძიების ჩატარებითა და ფაქტებზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნებით.

“ბავშვის, მისი მშობლებისა და საზოგადოების ინტერესი არის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი მონაცემები, მოხდა თუ არა დანაშაული. თუ მოხდა, მაშინ არანაირი კომპრომისი არ შეიძლება იყოს დაშვებული, რომ ვისაც  ბრალად დებენ ამ დანაშაულის შესაძლო ჩადენას, შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის განსხვავებული სტატუსის მქონე პირი. სასულიერო სფეროში- თანამდებობის პირი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა- ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, როდესაც ასეთ საჯარო ფიგურზეა საუბარი, უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს დათმობილი და დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს ამ ფაქტზე. სხვა შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისთვის ის საუბრები, რომლებიც აუცილებლად გაგრძელდება ამ თემის ირგვლივ,”- განაცხადა ანა აბაშიძემ.

რა არის ცნობილი ამ დრომდე?

[checklist]

  • მიტროპოლიტმა სერაფიმემ 2016 წლის აპრილში ისე დატოვა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, რომ მრევლისთვის მიზეზები არ აუხსნია. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.
  • საპატრიარქო აპირებდა, მიტროპოლიტი სერაფიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დაენიშნა. ეს ცნობილი გახდა 2017 წლის 17 დეკემბერს გერმანიაში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ საპროტესტო  წერილის გამოქვეყნების შემდეგ.
  •  4 დღის შემდეგ, 21 დეკემბერს, მიტროპოლიტმა სერაფმემ გაავრცელა წერილი, სადაც თავად თქვა უარი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. “მსურს, ჩემთვის ვიყო და ვილოცო,” – წერს ამ წერილში მიტროპოლიტი.
  • მიტროპოლიტი სერაფიმეს საკითხმა ბორჯომში  სასულიერო პირები და მრევლი ორ ნაწილად გაყო.
  • მიტროპოლიტთან დაპირისპირებული სასულიერო პირების მრევლის ვერსიის თანახმად, სერაფიმე ჯოჯუა იძულებული გახდა, ეპარქიიდან წასულიყო მრევლის წევრი ოჯახის მხრიდან მძიმე ბრალდების, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობის გამო. ისინი ამბობენ, რომ თუკი ეს ბრალდება ტყუილია, მაშინ მეუფე სერაფიმემ საკუთარი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს.
  • მიტროპოლიტის მომხრე მრევლი კი აცხადებს, რომ სერაფიმე ჯოჯუას ცილი დასწამა ბორჯომის რაიონში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირმა. მათ 21 იანვარს ბორჯომის ცენტრში გამართეს აქცია და ყველა სასულიერო პირისგან, ვინც სერაფიმე ჯოჯუაზე ცუდ კონტექსტში საუბრობდა, ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. ისინი საუბრობენ პოლიტიკურ კონტექსტზე და ამბობენ, რომ ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, კერძოდ, გამგებელი, მიტროპოლიტის მიმართ მათი მხარდაჭერის მოწინააღმდეგეა.
  • ბორჯომელ მრევლს შორის შექმნილ ამ დაპირისპირებაზე ორივე მხარის წარმომადგენლები საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
  • მიტროპოლიტის მოწინააღმდეგე მრევლის წარმომადგენლის თქმით, საპატრიარქომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეწყდეს სერაფიმე ჯოჯუას მომხრეთა მხრიდან მოწინააღმდეგე სასულიერო პირების შეურაცხყოფა.
  • იმ შემთხვევაში, თუკი საპატრიარქო არ გააკეთებს განმარტებას მიტროპოლიტის საქმეზე და არ მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, მიტროპოლიტის მომხრე მრევლის ნაწილი საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავს.
  • ამ დრომდე საპატრიარქოს ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი