ახალი ამბები

საკრებულოში თბილისის განვითარების ფონდის გაუქმებას ან პროფილის შეზღუდვას ითხოვენ

26 იანვარი, 2017 • 3902
საკრებულოში თბილისის განვითარების ფონდის გაუქმებას ან პროფილის შეზღუდვას ითხოვენ

საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები” და ალეკო ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის გაუქმებას ან მისი საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ, იმ ბრალდებით, რომ ფონდის თანამშრომლების კვალიფიკაცია არ შეეფერება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რასაც ფონდი დუმილით პასუხობს.

დღეს, 26 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ “თბილისის განვითარების ფონდის” მუშაობა არის გაუმჭვირვალე და არ შეესაბამება მის მიერ დასახულ მიზნებს.

ხათუნა სამნიძის თქმით, მათ გამოითხოვეს ფონდიდან ინფორმაცია, რომელიც შეეხება ფონდში დასაქმებული ადამიანებისა და ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს. იმ არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მიიღეს, სამნიძე აცხადებს, რომ გაურკვეველი რჩება, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თბილისის რომელი ადგილი როგორ უნდა განახლდეს.

“იკვეთება, რომ ფონდის მუშაობა არის სრულიად გაუმჭვირვალე, მათი მიზნები არ ემთხვევა დასახულ მიზნებს და ისინი თბილისის ისტორიულ ნაწილს ცდებიან და ახდენენ რეაბილიტაციას სხვა უბნების. 281 მილიონის სამუშაოები აქვს დაგეგმილი და არ ჩანს, როგორ ახერხებენ ისინი ამ თანხების მოზიდვას. გაუგებარია ასევე საკადრო პოლიტიკა”, – აცხადებს სამნიძე.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ესწრებოდა პრესკონფერენციას, განაცხადა, რომ თბილისის განვითარების ფონდში ადამიანების იმის მიხედვით არიან დასაქმებული, ვისაც “ქართული ოცნების დროშის ტარი ეჭირათ”.

“თბილისის განვითარების ფონდი რეალურად წარმოადგენს საბიუჯეტო ხორცმეტს, სადაც 60 კაცი რას აკეთებს, კაციშვილმა არ იცის. ეს არის ქართული ოცნების აქტივისტების, დეპუტატების შვილების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების დასაქმების ბიურო”, – აცხადებს ელისაშვილი.

მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ისტორიულ-კულტურული ძეგლების პროექტირების სამსახურის უფროსი პროფესიით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტია, პროექტების დაგეგმარებისა და მართვის სამსახურის უფროსი კი, ხიდებისა და გვირაბების შენების სპეციალისტი, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – სატრანსპორტო მშენებელ-ინჟინერი.

ელისაშვილისა და რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ფონდის ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სხვადასხვა წლებში იყო გურჯაანის გამგებლის მოადგილე, თბილმეტრომშენის თანამშრომელი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, სამშენებლო კომპანია დაგის მონიტორინგის მენეჯერი, თბილისის განვითარების ფონდის პროექტების კოორდინატორი.

ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში იყო საგზაო-სარემონტო კომპანია virtgen-ის წამყვანი სპეციალისტი, რუის-ურბნისის ეპარქიის ეკონომოსი, პარფიუმერული ფირმა “ვულე-ვუს“ გაყიდვების მენეჯერის მოადგილე, სამშენებლო კორპორაცია „ხიდის“ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი.

ფონდის პროექტების დაგეგმვის და მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო „პოლიფარმას“ გაყიდვების მენეჯერი, სს „კორსტანდარტ ბანკის“ აგროდაკრედიტების განყოფილების უფროსის თანაშემწე, მუშაობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში,  იყო თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

დეპუტატის თქმით, ფონდის მიზნებში წერია, რომ ის ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე მუშაობს, თუმცა, ამავდროულად, განახორციელა ლისის ტბის გარშემო სარბენი ბილიკის, მიხეილ მესხის სტადიონის განახლება, რაც არ არის ძველი თბილისი.

“ძველი თბილისის რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები უნდა მუშაობდნენ… ფონდში ერთადერთი არქიტექტორი მუშაობს და არც ერთი არქიტექტორ-რესტავრატორი, არც ერთი ხელოვნებათმცოდნე”, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილსა და რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ფონდის პროფილი უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ ძველი თბილისის განახლებაზე იმუშაოს, ან უნდა გაუქმდეს და მისი ფუნქციები თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეითავსოს, რადგან ტენდერებისა და ჩატარებული სამუშაოების კონტროლი კეთილმოწყობის სამსახურსაც შეუძლია.

თბილისის განვითარების ფონდი 2010 წელს შეიქმნა. თბილისის მერიასთან არსებული ფონდის მიზანია ქალაქის, მათ შორის ისტორიული ნაწილის, რეაბილიტაცია-გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების დაგეგმვა,  მისი განხორციელება ან/და შესრულებაზე კონტროლი.

“ნეტგაზეთი” თბილისის განვითარების ფონდს დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურება არ სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი